განათლების სამინისტრომ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც კომპეტენცია ერთ კრედიტზე მაინც აქვთ დადასტურებული, სკოლაში დარჩენის მორიგი შანსი მისცა და მალე ისინი უფროსის სტატუსს მიიღებენ. საკითხი პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემაც შეაფასა და სამინისტროს გადაწყვეტილებას ლოიალობა უწოდა:
„დაახლოებით 50 000-მა პედაგოგმა (90%-მა) იშრომა, დრო გამოყო, რომ მოზადებულიყო ამ გამოცდებისთვის. ნებისმიერ გამოცდას პროფესიონალის მხრიდან სჭირდება მომზადება. სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, მოსწავლესთან შევიდეს პროფესიონალი, სწორედ ამიტომ არის რეგულირებადი პროფესია. სახელმწიფომ შანსი მისცა ყველას, გააჭიანურა ეს პროცესი, რამდენჯერმე გადადო, პედაგოგების მიმართ ლოიალობის კუთხით სახელმწიფომ აჩვენა, ამიტომ ეს ზღვარი აქ უნდა გაივლოს. კომპეტენციების დადასტურების შემთხვევაში, სისტემაში შემობრუნების შესაძლებლობა ექნებათ მასწავლებლებს, რაც ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.