ბაღებისთვის COVID-19-ის დაფიქსირების შემთხვევაში სამოქმედო გეგმა იცვლება - კოვიდრეკომენდაციები განახლდა
12-12-2021
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის კოვიდრეკომენდაციები განაახლა.

ახალი რეგულაციები ბაღებისთვის კორონავირუსის დაფიქსირების შემთხვევაში სამოქმედო გეგმას ცვლიან. თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღები განახლებული კოვიდწესებით 13-დეკემბრიდან იხელმძღვანელებენ. 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, იცვლება კონტაქტების კლასიფიკაცია, ექსპოზიციის/დაინფიცირების დონიდან გამომდინარე (მაღალი და დაბალი რისკის კონტაქტები), მათი თვითიზოლაციის/კარანტინის, ასევე, დაწესებულების მუშაობის შეზღუდვისა და პერსონალის ტესტირების მექანიზმი და სხვა წესები.

კერძოდ, მაღალი რისკის კონტაქტად ითვლება პირი, რომელსაც: ჰქონდა პირბადის გარეშე შეხება „კოვიდ-19“-ის დადასტურებულ შემთხვევასთან ერთ მეტრზე ნაკლები დისტანციით, 15 წუთზე მეტი დროით; ჰქონდა ფიზიკური კონტაქტი „კოვიდ-19“-ის დადასტურებულ შემთხვევასთან; ჰქონდა დაუცველი უშუალო კონტაქტი „კოვიდ-19“-ის შემთხვევის მიერ გამოყოფილ სეკრეტთან (მაგ: შეხველება); რომელიც დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე იმყოფებოდა (მაგ. საცხოვრისი, საკლასო ოთახი, სასადილო/შეხვედრების ოთახი და ა.შ.) „კოვიდ-19“-ის დადასტურებულ შემთხვევასთან 15 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში.

დაბალი რისკის კონტაქტად მიიჩნევა პირი, რომელსაც: ჰქონდა პირდაპირი შეხება „კოვიდ-19“-ის დადასტურებულ შემთხვევასთან ორ მეტრზე ნაკლები, მაგრამ ერთ მეტრზე მეტი დისტანციით 15 წუთზე ნაკლები დროით; იმყოფებოდა „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთან დახურულ სივრცეში, სათანადოდ მორგებული პირბადით, 15 წუთზე ნაკლები დროით.

დოკუმენტის თანახმად, მაღალი რისკის კონტაქტები ექვემდებარებიან თვითიზოლაციის (ან კარანტინის) რეჟიმს; მაღალი რისკის სრულად ვაქცინირებული კონტაქტები არ ექვემდებარებიან თვითიზოლაციას/კარანტინს იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფილი იქნება ინფიცირებულთან კონტაქტიდან მე-3 და მე-5 დღეს „კოვიდ-19“-ის სწრაფი ტესტის ჩატარება, დაავადების სიმპტომებისა და პირბადის სათანადოდ გამოყენების მონიტორინგი.

დაბალი რისკის კონტაქტებს ეძლევათ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის გაგრძელების რეკომენდაცია ინფიცირებულთან კონტაქტის ბოლო დღიდან მომდევნო 12 დღის განმავლობაში ჯანმრთელობის თვითმონიტორინგის დაცვით (სამედიცინო პერსონალის საჭიროების გარეშე).

ამასთან, რეკომენდაციების თანახმად, არ არის საჭირო ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლების ტესტირება, თუ მათ იზოლაციის/კარანტინის პერიოდში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების არც ერთი ნიშანი არ გამოუვლინდებათ.

იხილეთ დეტალურად

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203