დღეს, განათლების სამინისტროს სხვადასხვა და განსაკუთრებით პრაქტიკოსებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ფონზე, მასწავლებლები მიიჩნევენ რომ უთანასწორო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რაც უსამართლობის განცდას ამძაფრებს. პედაგოგი ელი ბელქანია სოციალურ ქსელში შექმნილ ვითრებას ეხმაურება; მის სტატუსს etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:
„მოგესალმებით ყველას და ბედნიერ დამდეგ შობა-ახალ წელს გისურვებთ. მივესალმები იმასაც, რომ პრაქტიკოს მასწავლებლებს ისევ ეძლევათ შანსი სისტემაში დარჩენის, მაგრამ ნამდვილად საწყენია, რომ წლების განმავლობაში არ დაიდო კარიერული წინსვლის დაპირებული გამოცდები; ასევე ორჯერ შეიცვალა სახელფასო რეფორმა, რომელიც გულისხმობდა თავდაპირველად სერტიფიცირების ანაზღაურებას 2700 ლარის ოდენობით, შემდგომ შეიცვალა 1700 ლარის ოდენობით 2020-2022 წლისთვის, რაც ისევ გადაიდო ათი წლით, ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე.
დიახ, გვესმის და ვხედავთ სირთულეებს და გამოწვევებს, მაგრამ იმავდროულად, ძალიან გულსატკენია ის უთანასწორო პირობები, რაც სისტემაში დამკვიდრდა იმ მასწავლებლების მიმართ, ვინც მთლიანი მაჩვენებლებით გადალახა საგამოცდო ზღვარი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების მდგომარეობაც არ შეცვლილა. გაიზარდა მხოლოდ სერტიფიცირების დანამატი, ხოლო წამყვანისა და მენტორის დანამატები არ შეცვლილა. ისევ განვმეორდები - მივესალმები პრაქტიკოსი მასწავლებლების ხელშეწყობას, მაგრამ გთხოვთ, იმ პირობებში, როდესაც სახელფასო რეფორმა გადაიდო ათი წლით, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების საათობრივი ანაზღაურება გაუტოლოთ სერტიფიცირების ნიშნულს! წაახალისეთ პედაგოგები კარიერული წინსვლის გზაზე და დააფასეთ მათი მონდომება ამ მიმართულებით, რადგან სხვებსაც გაუჩნდეს ამის სურვილი და ნუ დატოვებთ მასწავლებელს სოციალურად რთული პირობების პირისპირ. რადგან დღეს წამყვანი მასწავლებლის განაკვეთი შეადგენს 1200 ლარს (მცირე განსხვავებების გარდა), რაც შვილების აღსაზრდელად მინიმალურ საარსებო სამომხმარებლო კალათას შეადგენს.
დღეს ჩვენი სამსახური ისევ უპერსპექტივო და არამიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის. ის არ პასუხობს მინიმალურ საჭიროებებს. წლები გადის, მასწავლებელი კი ისევ რჩება სოციალური პრობლემების პირისპირ ცარიელი ენთუზიაზმის დონეზე. დააფასეთ მასწავლებლის შრომა! სახელმწიფო ვალდებულია, იზრუნოს ამაზე. გაუთანაბრეთ წამყვანისა და მენტორის სტატუსების დანამატები სერტიფიცირების დანამატს!“