პანდემიიდან გამომდინარე სკოლების დიდი ნაწილი ჰიბრიდულ სწავლებაზეა. მოსწავლეებს აქვთ არჩევანის საშუალება, სკოლაში სურთ სიარული თუ - დისტანციური სწავლება, თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც მოსწავლეებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არც სკოლში სიარული შეუძლიათ და არც ონლაინ გაკვეთილებზე დასწრება. როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს მასწავლებელი? როგორ ფასდება მოსწავლე ელექტრონულ ჟურნალში, როდესაც ჯანმრთელობის გამო ვერ დადის სკოლაში და ვერც დისტანციურ გაკვეთილებს ესწრება?
ასეთ გამონაკლის შემთხვევებში, მაგალითად, როდესაც მოსწავლემ ოპერაცია გაიკეთა და ფიზიკურად შეუძლებელია მისი გაკვეთილებზე დასწრება, არსებობს ერთი გამოსავალი - შინ სწავლება. ასეთ დროს მასწავლებლები ბავშვს გამოჯანმრთელებამდე სახლში უტარებენ გაკვეთილებს. მოსწავლის შინ სწავლებაზე გადაყვანა სამინისტროსთან უნდა შეთანხმდეს.
როგორ ივსება ელექტრონული ჟურნალი შინ სწავლების შემთხვევაში? – „ემისი“ განმარტავს:
„ელექტრონულ ჟურნალში შექმენით ცალკე პროგრამული კლასი, გადაიყვანეთ აღნიშნული მოსწავლე და შეუქმენით ცხრილი ამ კლასისთვის, სადაც შეაფასებთ მას“.
როდისაა ვალდებული სკოლა, რომ შინ სწავლებაზე გადაიყვანოს მოსწავლე?
სკოლა ვალდებულია შინ სწავლების რეჟიმზე გადაიყვანოს ის მოსწავლეები, რომლებიც არ არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები, მაგრამ საჭიროებენ მკურნალობას ერთ თვეზე მეტი ვადით და წარმოადგენენ სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობას.
დირექცია ვალდებულია, დაადგინოს სკოლის მიერ განსაზღვრული მასწავლებლების ვიზიტების განრიგი.
შინ სწავლების პროცესში ასევე რეკომენდებულია დისტანციური სწავლების ფორმის გამოყენება.
მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში, სკოლა უზრუნველყოფს შემაჯამებელი დავალებების ჩატარებაზე/აღდგენაზე მოსწავლისთვის ხელშეწყობას.