ხვალ ბარბარობაა და ტრადიციისამებრ, ოჯახებში ლობიანები მზადდება. etaloni.ge გთავაზობთ კლასიკური და რაჭული ლობიანის ორ საუკეთესო რეცეპტს:
კლასიკური ლობიანის რეცეპტი:
მასალა:
1კილოგრამი ლობიო;
4 თავი ხახვი;
150 გრამი ზეთი;
2 ცალი დაფნის ფოთოლი;
2 კილოგრამი ფქვილი;
1 ჩაის კოვზი საფუარი;
მარილი და პილპილი - გემოვნებით;
1 მწიკვი შაქარი.
შიგთავსი :
1 კარგად გარეცხეთ და მოხარშეთ ლობიო.
2 დუღილს რომ დაიწყებს, 10 წუთში გადაღვარეთ წყალი, დაასხით ახალი წყალი და კვლავ ხარშეთ.
3 ხარშვისას დაუმატეთ დაფნის ფოთოლიც.
4 კარგად რომ მოიხარშება, წყალი გადაწურეთ და ლობიო გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.
5 ზეთში მოხრაკეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და გემოვნებით შეკაზმეთ პილპილ-მარილით.
6 ჩაუმატეთ ლობიოს და კარგად მოურიეთ.
ცომის მოსამზადებლად ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, 50 გრამი ზეთი, საფუარი, მარილი და მწიკვი შაქარი. ჩაუმატეთ თბილი წყალი და ზილეთ სანამ ხელზე აღარ მოგეკრობათ. შემდეგ შეფუთეთ ცომი და დადგით 1 საათით, სანამ არ აფუვდება. ცომისგან გააკეთეთ 7-8 გუნდა და ცოტა ხნით დააყოვნეთ. შემდეგ გააბრტყელეთ ხელით, თითოეულზე თანაბრად გადაანაწილეთ ლობიოს შიგთავსი, მოუკარით პირი და გააბრტყელეთ 1 სანტიმეტრამდე. გამოაცხვეთ ტაფაში, დაბალ ცეცხლზე ან ღუმელში. გამოცხობის შემდეგ სამზარეულოს ფუნჯით გადაუსვით ზეთი.
რაჭული სამზარეულოს ერთ-ერთი გამორჩეული კერძი ლობიანია ლორით, რომელიც მართლაც კულინარიული შედევრია.
ინგრედიენტები:
ცომისთვის:
ფქვილი – 200 გ
საფუარი – 5 გ
შაქარი – 2 გ
მარილი -5 გ
ზეთი – 20 მლ
წყალი – 100 მლ
გულსართისთვის:
ლობიო – 100 გ
ლორი -100 გ
ღორის ქონი – 10 გ ან ზეთი – 20 მლ
მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
საფუარი და შაქარი თბილ წყალში გახსენით. ცალკე თასში ფქვილს შეურიეთ მარილი, დაასხით საფუვრიანი მასა და მოზილეთ რბილი ცომი. ზეთიანი ხელით კარგად გადაზილეთ, გადაიტანეთ ღრმა თასში და ტილო გადააფარეთ. 30 წუთში ისევ გადაზილეთ ზეთიანი ხელით, კვლავ გადააფარეთ და დადგით ასაფუებლად.
ლობიო მოხარშეთ ლორთან ერთად და წყალი გადაწურეთ. მოხარშული ლორი დაჭერით წვრილად და დააყარეთ გადაწურულ ლობიოს, დაამატეთ მარილი, პილპილით და კარგად დასრისეთ.
ცომი რომ კარგად აფუვდება, აიღეთ 300-გრამიანი გუნდა და მსუბუქად გააბრტყელეთ. ზემოდან დაადეთ გულსართი და თავი მოუკარით. გააბრტყელეთ 1 სმ სისქეზე და შუაში დაუტოვეთ 2 სმ ზომის ნასვრეტი.
ლობიანი გამოაცხვეთ ღუმელში 220 – 250 გრადუსზე. კარგად რომ დაიბრაწება, გამოიღეთ ღუმელიდან და ზემოდან ღორის ქონი ან ზეთი გადაუსვით.
იხილეთ: რატომ ვაცხობთ ლობიანს ბარბარობას და არის თუ არა 17 დეკემბერი ნამდვილი ბედობა