2021 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატ „ეტალონის“ საშემოდგომო შემაჯამებელი კონკურსი ონლაინ რეჟიმში გაიმართა. კონკურსი ტრადიციულად, ემოციური და შთამბეჭდავი სანახავი გამოდგა. მასში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს 43 მუნიციპალიტეტის და ქალაქ თბილისის 5 რაიონის „ეტალონი მოსწავლე“. ინტელექტ-ჩემპიონატის 2021 წლის მეორე პერიოდის დასკვნითი კონკურსის საპრიზო ადგილების მფლობელები კი გახდნენ: ლუკა ბურდული ყაზბეგიდან, შორენა კიპაროიძე საჩხერიდან და ანა კვაშილავა მარტვილიდან.
ამჯერადაც, ფინალის გამარჯვებულებს საჩუქრები გადაეცათ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პირველი ადგილის მფლობელი ტექნიკის 1000 ლარიანი ვაუჩერით დააჯილდოვა, მეორე ადგილოსანს - 800, ხოლო მესამეს - 500 ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ.
გამარჯვებულებმა, მათი სკოლისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა Etaloni.ge-სთან ფინალის შედეგებზე და პროექტზე ისაუბრეს.
პირველი ადგილის მფლობელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლის, მე-10 კლასის მოსწავლე ლუკა ბურდული გახდა. მან ჯამში 76 ქულა დააგროვა და პირველობა მოიპოვა:
„პირველ რიგში მოხარული ვარ, რომ ჩავერთე „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში, ფინალამდე რომ „ყაზბეგის ეტალონი მოსწავლე“ გავხდი, ესეც ძალიან საამაყო და დიდი გამარჯვება იყო ჩემთვის. შემდეგ კი შემაჯამებელი კონკურსის გამარჯვებული, რომ გავხდი, ეს საერთოდ წარმოუდგენლად დიდი სიხარული იყო ჩემთვის. მინდა ამისთვის პირველ რიგში მადლობა ჩემს მასწავლებლებსა და სკოლის დირექტორს გადავუხადო, მათ გარეშე ამას ვერ მივაღწევდი. მადლობა „ეტალონს“, მის ავტორს და მთლიანად გუნდს, რომ ამხელა სიხარულის განცდის შესაძლებლობა მომცა, „ეტალონი“ უდიდეს გამოცდილებას აძლევს მოსწავლეებს და ეხმარება შემდგომ წარმატებებში“.
ბაკურ ავსაჯანიშვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი:
„რა თქმა უნდა საამაყოა, რომ ამ მასშტაბის პროექტში, ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსწავლის გამარჯვება. მას მუნიციპალიტეტისგანაც ექნება შესაბამისი მხარდაჭერა და წახალისება. მე ვესაუბრე ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და მასთანაც გამოვხატე ჩემი მხარდაჭერა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოსწავლე-ახალგაზრდობის მხარდაჭერა და მათ გვერდით დგომა“.
ქეთევან ალიბეგაშვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელი:
„ათეულის იმედი ნამდვილად გვქონდა, მაგრამ გამარჯვებაც რა თქმა უნდა გვინდოდა, წარმოუდგენელი ემოცია გვქოდა, როდესაც ბატონმა გოჩამ გამარჯვებულად ლუკა ბურდული და ჩვენი მუნიციპალიტეტი გამოაცხადა. სულ გვაქვს 7 საშუალო სკოლა და 1 საბაზო სკოლა და ასეთ საამაყო მოსწავლეებს ვზრდით. „ეტალონის“ არსებობის დღიდან ჩვენ ვმეგობრობთ, izrune.ge-შიც ჩართულნი არიან ბავშვები, ბათონი გოჩაც როდესაც ჩამოდის ძალიან თბილად გვხვდება, ეს მეტ მოტივაციას გვაძლევს და ყოველთვის გვიხარია „ეტალონთან“ ურთიერთობა. პირველი შემთხვევა არ არის ეს ჩვენი გამარჯვების, პირველ ადგილზეც გავსულვართ, სამეულშიც.“
ანზორ ხვედელიძე, გუდაურის საჯარო სკოლის დირექტორი:
„მთელი სკოლა ვამაყობთ ლუკას გამარჯვებით, რომელიც ძალიან კარგი მოსწავლე, მკვირცხლი აზროვნების ბავშვია და დაამტკიცა კიდეც გამარჯვებით თავისი შესაძლებლობები. ჩვენ, მთელი სკოლა არაფერს არ ვზოგავთ, რომ მოსწავლეები იყვნენ წარმატებულები, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კონკურსზე ათი ადგილიდან 4 ჩვენმა მოსწავლეებმა დაიკავეს. მინდა ასევე აუცილებლად აღვნიშნო, რომ ლუკა კარგი სპორტსმენია, მოთხილამურეა, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და ნაკრების წევრია. ავსტრიაში ვარჯიშობს. რაც შეეხება „ეტალონს“, არაჩვეულებრივი პროექტია, ნამდვილად ღირსეულ და უმნიშვნელოვანეს საქმეს შეჭიდებული და წარმატებებს ვუსურვებ მომავალში“.
მზია ქავთარაძე, გუდაურის საჯარო სკოლის მასწავლებელი:
„ლუკას გამარჯვებამ ძალიან გაგვახარა. მოლოდინი გარკვეულწილად მქონდა, როდესაც კონკურსში ვმონაწილეობთ ამის იმედი ყოველთვის გვაქვს. გვიხარია, რომ ჩვენი შრომა გამოჩნდა და დაფასდა. „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან კარგი პროექტია, ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ, აძლევს ბავშვებს მოტივაციას, აფართოებს მათ ინტერესებს, ეცნობიან კლასგარეშე ლიტერატურას. თავად ლუკა ძალიან ინტერესიანი და სხარტი აზროვნების ბავშვია. კარგად ითვისებს მასალას, განსაკუთრებით მათემატია-ფიზიკა უყვარს და ეს დაეხმარა, რომ გამარჯვებისთვის მიეღწია“.
მეორე ადგილი შემაჯამებელ კონკურსში პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ, შორენა კიპაროიძემ მოიპოვა. მან 72 ქულა დააგროვა და გამარჯვებულს მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩა:
„ძალიან მოულოდნელი და რა თქმა უნდა, ბედნიერების მომტანი იყო ჩემთვის ეს შედეგი. პირველად მივიღე „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობა და დაუვიწყარი ემოცია იყო. ამიტომ ვურჩევ ჩემს თანატოლებს, ისწავლონ უფრო მეტი, იშრომონ და ეს აუცილებალდ დაფასდება“.
ლევან ივანაშვილი, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი:
„კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და მთლიანად „ეტალონის“ გუნდს. საჩხერის მუნიციპალიტეტი ამ პროექტში ჯერ კიდევ მაშინ იყო ჩართული, როდესაც ის სატელევიზიო სივრცეში გადიოდა. ჩვენთვის ნამდვილად მისასალმებელია ასეთი პროექტები, აქამდეც არაერთ საჩხერელ მოსწავლეს მოუნიჭებია გამარჯვების სიხარული და იმედი მაქვს, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდება. სასიხარულოა, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსწავლე გახდა ამ მასშტაბის პროექტის ერთ-ერთი გამარჯვებული. ვულოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ არგვეთის საჯაროს სკოლის მოსწავლეს. ასევე წარმატებები მინდა ვუსურვო ყველა ადამიანს, ვინც ამ პროექტშია ჩართული“.
ცისმარ მაჭარაშვილი, საჩხერის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელი:
„პირველ რიგში ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსწავლეს, შორენა კიპაროიძეს ვულოცავ ამ წარმატებას. ეს სიხარული გაიზიარა მისმა სკოლამ, მისმა ოჯახმა და მუნიციპალიტეტმაც ბუნებრივია. მოსწავლეებისთვის „ეტალონს“ მრავალი კუთხით აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ხელს უწყობს მათ შემდგომ წარმატებაას, მოტივაციის ამაღლებას და თვითდამკვიდრებას ცხოვრებაში. გისურვებთ შემდგომ წინსვლას, დასახული მიზნების განხორციელებას, იმ მიზნების, რომელიც ყოველთვის მიმართული იქნება ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობის წინსვლისკენ, ქვეყნის სამსახურში ჩადგომისკენ და მათი გახარებისკენ“.
სალომე აბრამიშვილი, პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის დირექტორი:
„ძალიან ემოციური დღე გვქონდა. კონკურსის შემდგომ როდესაც შორენა სკოლაში დაბრუნდა კლასელები დახვდნენ საოცარი ემოციებით, ოვაციებით, მასწავლებლები იყვნენ ძალიან გახარებული, ასევე თავადაც. როგორც თვითონ აღნიშნა, ჰქონდა წარმატების მოლოდინი, ჩვენც გვქონდა, რადგან არაჩვეულებრივი მოსწავლეა. ერთია რომ აკეთებ შენს საქმეს და მეორე და სასიახრულოა, როცა ამას ხედავენ, აღიარებენ და აფასებენ ასე ღირსეულად. ამას აკეთებს „ეტალონის“ გუნდი და ამისთვის მე ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა მთელს შემოქმედებით გუნდს, რომ დგახართ მუდმივად მოსწავლეებისა და ჩვენი მომავალი თაობების გვერდით და ზრუნავთ მათი მოტივაციის ამაღლებისთვის“.
ელენა ქავთარაძე, პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი:
„საპრიზო ადგილს ველოდი, თუმცა ამაში ბოლომდე დარწმუნებული ვერავინ იქნება. შესაბამისად საოცარი განცდა და ემოცია დამეუფლა, როდესაც ბატონმა გოჩამ ჩემი მოსწავლის სახელი და გვარი გამარჯვებულებს შორის დაასახელა. შორენა არის ძალიან დაკვირვებული, გაწონასწორებული ბავშვი. გარდა იმისა, რომ „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში ბავშვები წარმატებას აღწევენ, ეს ძალიან დიდი გამოცდილებაცაა, ეხმარება რომ ბავშვები უფრო დაინტერესდნენ, მეტი წიგნი წაიკითხონ და მეტი ცოდნა მიიღონ“.
კონკურსზე მესამე ადგილი მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ანა კვაშილავამ დაიკავა 69 ქულით:
„უკვე 4 წელია, რაც „ეტალონში“ ვმონაწილეობ და სამი წლის განმავლობაში ასევე izrune.ge-ს ტესტებსაც აქტიურად გავდივარ და ესეც გამოცდილებაც გამომადგა წარმატების მიღწევაში. როგორც ბატონმა გოჩამ ახსენა, მომავალი წლის დევიზი იქნება „ერთგულებს უძლებს წლებს“ და ერთგულების სიმბოლოდ ამ შემთხვევაში ნამდვილად მოვიაზრებ საკუთარ თავს, რადგან ამ ინტელექტ-ჩემპიონატის მუდმივი მონაწილე ვარ, ჩემთვის ოჯახივითაა ეს პროექტი. მინდა ვუთხრა ყველა ჩემს თანატოლს, რომ აუცილებლად იბრძოლონ თავიანი მიზნებისთვის, რადგან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და შედეგი. წარმატებისათვის აუცილებელია პირველ რიგში ცოდნა და მეორე მხრივ მონდომება. „ეტალონმა“ მომცა ძალიან დიდი ბედნიერება და სიხარული, ამასთან დიდი გამოცდილება, რომელიც ცხოვრებაში ყოველთვის გამყვება და გამომადგება, მომცა შესაძლებლობა მეტად განვვითარებულიყავი, ბევრი წიგნი წამეკითხა. ჩემი წინსვლით და წარატებით გავახარე მშობლებიც და სკოლაც“.
თორნიკე ჯანაშია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი:
„ჩვენ შევხვდით ბატონ გოჩას, განვიხილეთ სხვადასხვა პროექტები და მზად ვართ რომ მხარი დავუჭიროთ. ამხელა პროექტში, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსწავლე გამარჯვებულია, ეს უმნიშვნელოვანესია და კიდევ უფრო მეტ სტიმულს მაძლევს, რომ მეტი მხარდაჭერა აღვუთქვათ ჩვენ როგორც თქვენ გუნდს, ასევე მოსწავლეებს, რომლებიც მონაწილეობენ პროექტში“.
მაკა გულორდავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელი:
„ძალიან გამეხრადა ჩვენი მოსწავლე, რომ გავიდა მე-3 ადგილზე. ემოციებს ვერ ვმალავდით, მთელი რესურსცენტრი ვიყავით შეკრებილი. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ „ეტალონი“ ყოველთვის გვანებივრებს სიახლეებით და ეს ონლაინ ფორმატიც ძალიან მოსახერხებელი იყო, კარგად იყო ორგანიზებული და ჩატარებული. პირადად ჩემთვის „ეტალონი“ ყოველთვის იყო და იქნება ცოდნის, შესალებლობების, უნარ-ჩვევების ერთგვარი ინდიკატორი. განსაკუთრებით მომეწონა თქვენი ახალი სლოგანი, ჩვენ დიდი ხანია ვმეგობრობთ და ვთანამშრომლობთ „ეტალონთან“, ვფიქრობ, რომ ჩვენი ერთგულება ათასჯერ გვაქვს დამტკიცებული და მომავალშიც ყოველთვის ასე გაგრძელდება“.
მურმან წოწერია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი:
„საამაყოა და ბედნიერებაა ჩვენთვის ამ პროექტში მონაწილეობა და მით უმეტეს გამარჯვებაც, მე ყოველთვის ვამბობ და დღესაც ვიმეორებ, რომ ყველა მონაწილე გამარჯვებულია. გამარჯვებულებს შორის გამარჯვებული კი ასმაგად. გახარებული ვარ, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის ბავშვმა საპრიზო ადგილი დაიკავა. მჯერა, რომ სანამ „ეტალონი“ იარსებებს, ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის გაგრძელდება, ჩვენ მარტვილელები ყოველთვის მივიღებთ მონაწილეობას ამ დიდებულ პროექტში“.
აზა გადელია, თამაკონის საჯარო სკოლის დირექტორი:
„ჩვენ დღეს ზეიმი გვაქვს სკოლაში, რომლის მიზეზიც სწორედ ეს გამარჯვებაა. ძალიან გახარებულები ვართ, ვამაყობთ ჩვენი სკოლის მოსწავლით, ეს ყველაფერი მასწავლებლების, მთლიანად სკოლის, „ეტალონისა“ და რა თქმა უნდა ანას დამსახურებაა. მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ამ სიხარულისთვის, დღეს დაჯილდოებაცაა. ეს არის სწორედ ის შემთხვევა, როდესაც სკოლის ინტერესებს, მოსწავლისა და მისი მშობლების ინტერესი ემთხვევა და საბოლოოდ ასეთ კარგ შედეგს გვაძლევს. „ეტალონმა“ ამ ყველაფერში ძალიან შეგვიწყო ხელი, თქვენ დიდ საქმეს ემსახურებით და წარმატებები მინდა გისურვოთ, რადგან ერთმანეთის წარმატება გაგვაძლიერებს კიდევ უფრო.“
ვერიკო სიხარულიძე, თამაკონის საჯარო სკოლის მასწავლებელი:
„მე იმედი მაქვს, რომ კიდევ ძალიან ბევრი წელი გაგრძელდება ეს არაჩვეულებრივი პროექტი და ჩვენს სკოლასაც არაერთხელ მიეცემა ასეთი წარმატების მიღწევის შესაძლებლობა, როგორც ანა მოახერხა ეს. ანა ნამდვილად იმსახურებდა ამ გამარჯვებას, რადგან მონდომებულიცაა და დაჯილდოებულია ყველაფრით, ვფიქრობ ის ისეთი წარმატებული იქნება, მასზე მთელი საქართველო ილაპარაკებს. ეს არ არის გადაჭარბებული ნათქვამი, ამის იმედი ნამდვილად გვაქვს. დიდი მადლიბა, თქვენს პროექტს, ბატონ გოჩას ასეთი დიდი საქმისთვის, ბავშვებში რომ არის ეს მოტივაცია და სურვილი „ეტალონის“ დამსახურებაა“.
ასევე იხილეთ:
ინტელექტ-ჩემპიონატის 2021 წლის მეორე პერიოდის შემაჯამებელი კონკურსის ათეული ცნობილია
„ერთგულება უძლებს წლებს“ - ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2021 წლის მეორე პერიოდის კონკურსი წარმატებით ჩატარდა
ინტელექტ-ჩემპიონატის 2021 წლის მეორე პერიოდის შემაჯამებელი კონკურსის პირველი სამეული ცნობილია
ინტელექტ-ჩემპიონატის 2021 წლის მეორე პერიოდის შემაჯამებელი კონკურსი დისტანციურად LIVE რეჟიმში მიმდინარეობს