სასწავლო წლის პირველი სემესტრი იწურება. იქიდან გამომდინარე, რომ სემესტრის განმავლობაში ელექტრონული ჟურნალი ხარვეზებით მუშაობდა და ხშირად, ტექნიკური სამუშაოების გამო გათიშულიც იყო, პედაგოგებმა მოსწავლეთა ყველა შეფასების ჟურნალში ასახვა ვერ შეძლეს.
როგორ უნდა აღადგინოთ და ჩაასწოროთ ნიშნები ელექტრონულ ჟურნალში?
ელექტრონულ ჟურნალს „მოთხოვნის“ ღილაკი ცოტა ხნის წინ დაემატა, რაც მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, შეიტანონ ცვლილებები ჟურნალში მაშინაც კი, თუ 8 დღე გასულია. „მოთხოვნის“ ღილაკით შეგიძლიათ მოითხოვოთ მიმდინარე ან გასული სემესტრების კორექტირება, ასევე განვლილი დროით შემაჯამებლის ჩანიშვნა/წაშლა. ასევე შესაძლებელია გასული აღდგენილი შემაჯამებლის წაშლაც. ამისთვის საჭიროა მოთხოვნის გაგზავნა ადმინისტრაციის სახელზე, ადმინისტრაციამ უნდა დაგიდასტუროთ მოთხოვნა, დადასტურებიდან 24 საათში კი ჟურნალში ცვლილება უნდა შეიტანოთ.
„მოთხოვნის“ ღილაკი ელექტრონული ჟურნალის მარცხენა ველში ჩანს, მასში აისახება თქვენი ყველა გაგზავნილი მოთხოვნა, დირექტორის მიერ მოთხოვნის დადასტურებს შემდეგ კი სტატუსი გამწვანდება და ჟურნალში კორექტირების საშუალება მოგეცემათ. თქვენ თავად შეგიძლიათ აკონტროლოთ ჟურნალში, დაგეთანხმათ ადმინისტრაცია, თუ - არა. დადასტურებამდე თქვენი მოთხოვნა კითხვის ნიშნით ჩანს, დადასტურებისას - მწვანედ, უარყოფის შემთხვევაში კი - წითლად.
მოთხოვნის ღილაკისას ჟურნალის კორექტირების არჩევის შემთხვევაში საშუალება გექნებათ, შეცვალოთ ყველაფერი და შეიტანოთ ცვლილება თქვენ მიერ არჩეულ ნებისმიერ კლასსა თუ საგანში. თუმცა თუ ჟურნალში ბევრი რამის შეცვლა არ გსურთ, თქვენ ასევე შეგიძლიათ ერთი გაკვეთილის არჩევა ან ერთი კონკრეტული მოსწავლის და შესაბამისად, მხოლოდ ერთი დეტალის ცვლილება.
რედაქტირების ტიპში შეგიძლიათ მიუთითოთ დასწრების, განმავითარებელი ან განმსაზღვრელი შეფასების შეცვლა, აუცილებელია კომენტარის დართვა, რომელიც ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. კომენტარის გარეშე მოთხოვნა არ გაიგზავნება.
როგორ უნდა გამოიყენოს მოთხოვნის ფუნქცია დირექტორმა?
დირექტორს შეუძლია თავის ელექტრონულ ჟურნალში დაათვალიეროს თითოეული მოთხოვნა და შეუცვალოს სტატუსი - დაადასტუროს ან უარყოს.
თუ დირექტორი ამავდროულად მასწავლებელიცაა და ჟურნალში ცვლილების შეტანა სურს, აუცილებელია, რომ მანაც გაგზავნოს მოთხოვნა დირექტორის ანუ თავის სახელზე.
მნიშვნელოვანია, რომ ცვლილება აუცილებლად შეიტანოთ დადასტურებიდან 24 საათში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მოთხოვნა უშედეგო იქნება.
იხილეთ ვიდეო ინსტრუქცია