„მინდა, ელექტრონული ჟურნალი დაუკავშირდეს კანქვეშა ჩიპს“ - პედაგოგების საახალწლო უცნაური სურვილები
29-12-2021

ახალი წლის მოახლოება სიახლეებთან და ჯადოსნურ სურვილებთან ასოცირდება. ამ მხრივ არც პედაგოგები არიან გამონაკლისები. მასწავლებლობა ხომ განსაკუთრებული მისიაა?! ამ პროფესიის ადამიანებს სამუშაო დრო არ აქვთ, რადგან მასწავლებლობა სულში აქვთ გამჯდარი და ყველგან და ყოველთვის ფიქრობენ და ოცნებობენ როგორც პედაგოგები. სწორედ ამიტომ, არ გაგიკვირდებათ, თუ მათი საახალწლო სურვილებიც ბავშვებს, სწავლებას და ჟურნალებს უკავშირდება. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

„ვისურვებდი, 2022 წელს მაინც გამოსწორდეს ელექტრონული ჟურნალი და მოულოდნელობებით აღარ მაოცებდეს, მასში მუშაობა დღის ნებისმიერ მონაკვეთში შემეძლოს და ჩემს ათოსან მოსწავლეებს სემესტრულად 6-ს არ უწერდეს“.

„ჩემი დიდი სურვილია, მასწავლებლები ერთ მუშტად შეკრულნი ვიყოთ და ყველა ჩვენ არ გვაკრიტიკებდეს. ჩვენზე ექსპერიმენტები დასრულებულიყოს და მშვიდად მუშაობის საშუალება მოგვეცეს. ჰო, მართლა, სტატუსების გამო კამათი აღარ გამეგოს, ესაც ძალიან მინდა“.

„ძალიან მინდა 2022-მა წელმა მაინც ამიხდინოს სურვილი და ხელფასი გამიორმაგდეს, უმადური არ ვარ, მადლობა მომატებული მცირედისთვისაც, მაგრამ პედაგოგების ანაზღაურება დახარჯულ ენერგიასთან შედარებით იმდენად ცოტაა, რომ ორმაგს ვიმსახურებთ. კი გვპირდებოდნენ 2022 წელს მასწავლებლების საშუალო ხელფასი 2000 ლარი იქნებაო, მაგრამ მაშინ სხვა მინისტრი იყო და ახლა ეგ იმედი გრინჩმა მოგვპარა. გრინჩი ვინაა? ეგ თავად მიხვდით“.

მასწავლებლების საახალწლო სურვილებს შორის ყველაზე ორიგინალური სოციალურ ქსელში ერთ-ერთი პედაგოგის ნატვრა იყო:

„მინდა, რომ 2022 წლიდან ელექტრონული ჟურნალი დაუკავშირდეს კანქვეშა ჩიპს. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რომ თვალის ერთი გადავლებით აისახოს დასწრება, ხოლო მოსწავლისკენ თითის გაშვერით - განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება. ამასთანავე, როგორც კი კოვიდი გაქრება ქვეყნიერებიდან და მოსწავლეთა მშობლებს შევხვდებით პირისპირ, ხელის ჩამორთმევისთანავე, კანქვეშა ჩიპი გადასცემს მშობელს მისი შვილის აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაციას. აქვე გთავაზობთ კანქვეშა ჩიპის მიერ გამოთვლილი შეფასების ნიმუშს: (8+8+8+8+8)/5 = 9,88.“

მასწავლებლის საახალწლო სურვილს კოლეგების გამოხმაურებებიც მოჰყვა:

„გასაგიჟებელი იდეაა, მეტიც, კლასში თვალის ერთი მოვლებით გადაცემულია ახალი მასალა და გადმოცემულია ინფორმაცია, ვინ რა დონეზე მოამზადა გაკვეთილი“.

„ყველაფერი რა კარგადაა გათვლილი, რომ კრება მხოლოდ დღისით ჩატარდეს, რადგან საღამოს ჩიპიც არ იმუშავებს ჟურნალივით“.

„ქულის გამოთვლა მომეწონა. ჩიპიც კი მოსწავლისკენაა“.

ასრულდება თუ არა მასწავლებლების საახალწლო სურვილები, ამას დრო გვიჩვენებს, მეცნიერული სიახლეები კი ისეთი ტემპით მიმდინარეობს, გამორიცხული არაფერია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203