მასწავლებლები ერთ-ერთ ტრენინგ-ცენტრს თაღლითობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ. როგორც პედაგოგები აღნიშნავენ, ტრენინგ-ცენტრისგან მათ დაპირება მიიღეს, რომ განვლილი ტრენინგების სანაცვლოდ „ესქულში“ კრედიტები აესახებოდათ, თუმცა დაპირება ტყუილი აღმოჩნდა.
„მეგობრებო, თუ ვინმე ხართ ტრენინგ-ცენტრის ფასიან ტრენინგებში მონაწილე, გთხოვთ გავერთიანდეთ და დავადგინოთ სამართალი. უამრავი ფული რომ ჩაიჯიბეს ჩვენგან და მოგვატყუეს, იქნებ მიხედოს ამ პრობლემას განათლების სამინისტრომ“.
„სამი თვე ვდიე მაგათ სერტიფიკატს, ბოლოს რომ შევივსე სხვა აქტივობებით კრედიტები, მაშინ გამომიგზავნეს სერტიფიკატი, როცა არაფერში მჭირდებოდა. 400 ლარი კი გადავიხადე, მაგრამ მათგან კრედიტი არ მიმიღია“.
„საერთო ხელმოწერები გავაკეთოთ და სასამართლოს გადავცეთ. სიმწრით ნაშოვნი თანხები დაგვიბრუნონ უკან!!!“
„მეც ვარ მათგან მოტყუებული, თანაც ვითომ ორი სერტიფიკატი მომცეს და 550 ლარი გადავიხადე, 8 კრედიტი უნდა ამსახვოდა“.
ეს იმ მასწავლებლების კომენტარებია, რომლებიც დაზარალდნენ და თავს მოტყუებულად გრძნობენ. თავად ტრენინგ-ცენტრი მუშაობას განაგრძობს და განმარტავს, რომ მათი ტრენინგების საშუალებით ბევრმა პრაქტიკოსმა მოიპოვა სტატუსი.
„ჩვენი გუნდი 2019 წლიდან საქართველოს ყველა ქალაქში წარმატებით უწევდა ორგანიზებას 100 საათიან კურსს საერთაშორისო განათლების კულტურის ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის მოდულს, რომელიც 6000-მა პრაქტიკოსმა გაიარა და ყველამ აიღო 4 კრედიტქულა“.
დაზარალებულმა პედაგოგებმა მასწავლებლის სახლსაც მიმართეს, თუმცა მათ კრედიტქულების მინიჭებაზე უარი განუცხადეს.
ამ საკითხის გასარკვევად etaloni.ge მასწავლებლის სახლის ცხელ ხაზს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ პედაგოგებს კრედიტები მხოლოდ თავად მასწავლებლის სახლის მიერ ჩატარებულ ტრენინგებზე დასწრების შემდეგ მიენიჭათ, სხვა ორგანიზაციებში გავლილი ტრენინგები კი კრედიტებზე არ აისახება.