გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მორიგ სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს.
მათ შორის კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარების გაწევისა და სტუდენტებისთვის 2021-2022 სასწავლო წლის დაფინანსების გაგრძელების თაობაზე.
სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის განცხადებით, სწორედ გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა წარმოადგენს შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს.
„მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვმარტო, რომ უსაფუძვლოა ამ საკითხებზე ბოლო თვეების განმავლობაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს შეჩერდა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები. უფრო მეტიც, 2013 წლიდან დღემდე, უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის არც ერთ სხდომას უმსჯელია, რომელიმე სოფლისთვის სტატუსის შეჩერების თაობაზე ან იმ სტუდენტების დაფინანსების შეწყვეტაზე, რომლებიც აკმაყოფილებენ წლების განმავლობაში დაზუსტებულ და მოქმედ კრიტერიუმებს. გუშინ და დღეს გაიმართა სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომები, რომლებზეც მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილებები როგორც მოსახლეობისთვის გათბობის უზრუნველყოფისთვის ფინანსური მხარდაჭერის თაობაზე, ასევე სტუდენტებისთვის 2021-22 სასწავლო წლის უმაღლესი განათლების დაფინანსების შესახებ“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.
„გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში სასწავლო გრანტის სრულ ოდენობას ყველა ის სტუდენტი იღებს, რომელიც დაფინანსების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, კონკურსის გარეშე. დაფინანსების კრიტერიუმის მიხედვით, ფინანსდება ყველა ის სტუდენტი, რომელიც ბოლო 3 წელი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის სკოლაში სწავლობდა, ან საშუალო საფეხურის არ არსებობის შემთხვევაში ახლომდებარე დასახლების სკოლა დაასრულა. ასევე, აუცილებელი პირობაა, რომ სტუდენტი აკრედიტებულ პროგრამაზე სწავლობდეს.