ხვალ საქართველოს საჯარო სკოლებში პირველი სემესტრი დასრულდება და მოსწავლეები სკოლებს 17 იანვარს დაუბრუნდებიან. მთავრობის გადაწყვეტილებით, რომელიც წინა კვირაში გახდა ცნობილი, ზამთრის არდადეგების თარიღმა ერთი დღით გადმოიწია.
Etaloni.ge დაინტერესდა, პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილება ეხება თუ არა კერძო სკოლებსაც, რადგან ჩვეულებრივ ვითარებაში კერძო სკოლები დასვენების დღეებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად იღებენ.
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აღნიშნული კითხვის საპასუხოდ განგვიცხადეს იქნება თუ არა სასწავლო დღე - 29 დეკემბერი, კერძო სკოლებში, ამას ამჯერადაც თავად სკოლები გადაწყვეტენ.
„საქართველოს კანონმდებლობით, კერძო სკოლებს უფლება აქვთ თავად განსაზღვრონ დასვენების დღეები, ამ შემთხვევაშიც მათ რჩებათ უფლება სწავლა არა ხვალ 28 დეკემბერს, არამედ 29 დეკემბერს შეწყვიტონ“, - განაცხადეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
Etaloni.ge-სთვის ცნობილია, რომ კერძო სკოლების ნაწილი დასვენების დღეებთან დაკავშირებით მოულოდნელად შეცვლილ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და სასწავლო წლის პირვე სემესტრს 29 დეკემბერს დაასრულებს.
იხილეთ:
28 დეკემბერი სწავლის ბოლო დღეა - სკოლებში საახალწლო არდადეგების დაწყების თარიღი შეიცვალა