უფროსი მასწავლებელი მენტორის სტატუსს ერთი გამოცდის ჩაბარებით მოიპოვებს
09-01-2022

უფროსი მასწავლებელი სტატუსის ამაღლებას ერთი საფეხურის გამოტოვებით შეძლებს. მოგეხსენებათ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მასწავლებელთა კარიერული წინსვლისთვის ახალი გამოცდა დანიშნა, რომელიც პირველად 2022 წლის ზაფხულში ჩატარდება.

სტატუსის ამაღლების შანსი იმ უფროს და წამყვან მასწავლებლებს მიეცემათ, რომლებმაც საგნობრივი კომპეტენციის გამოცდაზე 50%-იანი ბარიერი გადალახეს. როგორც უფროსი, ასევე წამყვანი მასწავლებლები გამოცდას ერთი და იმავე ტესტით ჩააბარებენ, თუმცა მინიმალური ზღვარი მათ, სტატუსის შესაბამისად, განსხვავებული ექნებათ.

აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, თუ უფროსი მასწავლებელი გამოცდაზე მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად შესაბამის ზღვარს გადალახავს, ის უმაღლეს სტატუსს ერთი საფეხურის გამოტოვებით მოიპოვებს. რაც შეეხება პრაქტიკული ნაწილის კომპლექსურ შეფასებას, წამყვანისა და მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად მასწავლებლებს კარიერული წინსვლის სქემაში ერთი და იმავე მოთხოვნები აქვთ. როგორც უფროსი, ასევე წამყვანის მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასება მოიცავს:

  • გარე დაკვირვებას და მასწავლებლის მიერ თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებულ გაკვეთილისშემდგომ რეფლექსიას (თვითშეფასებას);
  • სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრებას (ინტერვიუირება) და პორტფოლიოს შეფასებას.
  • მასწავლებლის პორტფოლიო შეფასდება მასწავლებლის სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც  განთავსებული უნდა იყოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eschool.emis.ge) არსებულ ელექტრონულ პორტფოლიოში.

პედაგოგები რომ სტატუსის ამაღლებას ერთი საფეხურის გამოტოვებით შეძლებდნენ, ამის შესახებ etaloni.ge ჯერ კიდევ ორი წლის წინ წერდა. აღნიშნული გამოცდა პირველად 2021 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ტესტების შედგენა ვერ მოხერხდა. ამის გამო უფროსი და წამყვანი მასწავლებლებისთვის კარიერული წინსვლა შეფერხდა. ისინი სტატუსის ასამაღლებელ გამოცდას 2020 წლიდან ელოდებიან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203