მასწავლებლებს სამინისტრომ წერილი გაუგზავნა
31-12-2021

საჯარო სკოლებმა მორიგი მითითება მიიღეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების მასწავლებლებმა მე-12 კლასის მოსწავლეები არა ჩათვლით, არამედ ქულებით უნდა შეაფასონ. ინფორმაციაში, რომელიც სკოლებში სკოლამდელი და ზოგადი განვითარების დეპარტამენტმა გაგზავნა, განმარტებულია, რომ დაწყებით კლასებში - I-IV კლასებსა და V კლასში პირველი სემესტრის ბოლოს განმავითარებელი შეფასების დაწერა აუცილებელი არ არის და პედაგოგებმა განმავითარებელი კომენტარები ჟურნალში სასწავლო წლის ბოლოს უნდა შეტანონ.

„როგორც მოგეხსენებათ, ეროვნული სასწავლო გეგმით, XII კლასის საათობრივ ბადეში გათვალისწინებულია საგანი „სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება“, რომელიც ისწავლება I სემესტრის განმავლობაში და წარმოადგენს სავალდებულო საგანს. ამ საგანში მოსწავლე ფასდება განმსაზღვრელი შეფასებით (ქულებით) და არა „ჩათვლით“.

მოგეხსენებათ, I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში მოსწავლეები ფასდებიან მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით. ესგ-ს მიხედვით (მუხლი 31. შეფასება დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე) ამ კლასებში წლის ბოლოს საგნის მასწავლებლებმა უნდა დაწერონ მოსწავლის მოკლე წერილობითი შეფასება. გაცნობებთ, რომ მიმდინარე სემესტრის ბოლოს მოსწავლეების განმავითარებელი შეფასების დაფიქსირება ელექტრონულ ჟურნალში სავალდებულო არ არის (I-IV კლასებსა და V კლასში). განმავითარებელი შეფასებები ზემოაღნიშნული კლასების მოსწავლეებს დაუფიქსირდებათ სასწავლო წლის ბოლოს“, - წერია წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203