ქართველ მოსწავლეებს ზამთარი უყვართ, არა მხოლოდ საახალწლო დღესასწაულების, არამედ რიგით მეორე გრძელვადიანი არდადეგების გამო. საინტერესოა რამდენი ხანი გრძელდება სხვა ქვეყნის სკოლებში დასვენების დღეები?
აშშ
ამერიკულ სკოლებში არდადეგების ზუსტი განრიგი არ არსებობს. ხანგრძლივობა და არდადეგების პერიოდი დამოკიდებულია შტატზე, მოსწავლეთა ასაკსა და სასწავლო დაწესებულების ტიპზე.
ყველაზე ხშირად მოსწავლეები დღესასწაულების წინა და შემდგომ პერიოდში ისვენებენ: ხუთი დღე მადლიერების დღესთან დაკავშირებით (ნოემბერი), დაახლოებით 2 კვირა საშობაო არდადეგებზე (დეკემბრის ბოლო - იანვრის დასაწყისი) და ერთი კვირა აღდგომას (მარტის ბოლო - აპრილის დასაწყისი). ყველაზე ხანგრძლივი საზაფხულო არდადეგებია, რომელიც მაისის ბოლოდან ან ივნისის პირველი ნახევრიდან იწყება და 10 კვირა გრძელდება.
დიდი ბრიტანეთი
დიდ ბრიტანეთში შობა-ახალ წელს 25-დეკემბრიდან 4-იანვრამდე ზეიმობენ. აღნიშნული დღეები ქვეყნის მასშტაბით უქმეებია. სასკოლო არდადეგები კი აქაც 2 კვირა გრძელდება.
ზოგადად ბრიტანულ სკოლებში სამ ტრიმესტრად იყოფა სასწავლო წელი, რომელიც წყდება ორკვირიანი არდადეგებით საშობაოდ და სააღდგომოდ, ასევე, არსებობს ერთკვირიანი დასვენება ოქტომბერში, თებერვალსა და მაისში. სასწავლო წელი ქვეყანაში ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში სრულდება და სექტემბერში იწყება.
გერმანია
გერმანიის მოქალაქეები შობა-ახალ წელს 24-25-26 დეკემბერს და 1 იანვარის ისვენებენ. აი მოსწავლეებისთვის კი სადღესასწაულო არდადეგები მთელი 3 კვირა გრძელდება.
ზოგადად კი გერმანიაში მოსწავლეები წლის მანძილზე მინიმუმ 75 დღე ისვენებენ.
ჩინეთი
ჩინეთში, ახალ წელს ჩინური კალენდრით ხვდებიან, ამასთან, დღესასწაულის დღე მცოცავია, მაგრამ ყოველთვის 21-იანვრიდან 21-თებერვლამდე პერიოდში ექცევა. ჩინელები ისვენებენ დღესასწაულის დღეს და კიდევ ორი დღე მას შემდეგ.
მოსწავლეთა ზამთრის არდადეგებიც აღნიშნულ პერიოდს ემთხვევა და ჩვეულებრივ იანვრის შუა რიცხვებიდან თებერვლის შუა რიცხვებამდე გრძელდება.
ზოგადად კი ჩინელ მოსწავლეებს არდადეგები 2-ჯერ ზამთარში და ზაფხულში აქვთ. ზაფხულის არდადეგები დაახლოებით ერთ თვეზე ცოტა მეტი გრძელდება, ზამთრის კი როგორც აღვნიშნეთ - იანვრის შუა რიცხვებიდან თებერვლის შუა რიცხვებამდე გასტანს.
ავსტრალია
ავსტრალიელ მოსწავლეთა ყველაზე გრძელვადიანი არდადეგები დეკემბრის შუა რიცხვებში იწყება და იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში სრულდება. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარე სახელმწიფოში ზაფხული სწორედ ამ დროს დგება.
იხილეთ ასევე: რამდენი ხანი გრძელდება მასწავლებლების შვებულება სხვადასხვა ქვეყანაში