მასწავლებლების ანაზღაურება ინდივიდუალურად ანგარიშდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული პედაგოგი ხელფასს განათლების, სამუშაო სტაჟის, სტატუსისა და საათების რაოდენობის მიხედვით იღებს. გარდა ამისა, დანამატია კლასის დამრიგებლობის შემთხვევაშიც.
სამუშაო საათების მიხედვით 3 ტიპის სამუშაო დატვირთვა არსებობს: ნაწილობრივი, სრული და სრულზე მეტი. მასწავლებელმა რომ სტატუსის დანამატი სრულად აიღოს, აუცილებელია, რომ მას სრული დატვირთვა ჰქონდეს. სრულზე მეტი დატვირთვა კი ნიშნავს 19 ან მეტ საგაკვეთილო საათს კვირაში. სკოლებში, სადაც ამის საშუალებაა, მასწავლებლები 25 საათსაც კი ატარებენ. მართალია, პედაგოგები საკმაოდ იტვირთებიან და იღლებიან, თუმცა მათ მოტივაციას დამატებითი ანაზღაურებაც აძლევთ.
რამდენი ლარით იზრდება მასწავლებლის ხელფასი სრულზე მეტი დატვირთვის შემთხვევაში?
თავდაპირველად, სრულზე მეტი დატვირთვისათვის, კვირაში 19-დან 25 საგაკვეთილო საათის ჩათვლით, მასწავლებელს დანამატი ყოველ დამატებით საგაკვეთილო საათზე კვირაში 5 ლარის ოდენობით ეძლეოდა, შემდეგ ეს თანხა 6 ლარამდე გაიზარდა. 2019 წლიდან კი მასწავლებელს სრულზე მეტი დატვირთვისათვის, კვირაში 19-დან 25 საგაკვეთილო საათის ჩათვლით, სრული განაკვეთის თანამდებობრივ სარგოზე ეძლევა დანამატი ყოველ დამატებით საგაკვეთილო საათზე შემდეგი გაანგარიშებით: სრული დატვირთვის თანამდებობრივი სარგო შეფარდებული 18 (სრული დატვირთვის საგაკვეთილო საათი) და გამრავლებული დამატებით საგაკვეთილო საათების ჯამურ ოდენობაზე. ამას პედაგოგის სტატუსის შესაბამისი დანამატიც ემატება და მასწავლებელის ხელფასი ანგარიშდება.
აღსანიშნავია, რომ 25-ზე მეტი საათის ჩატარების შემთხვევაში, მასწავლებელი დამატებით ანაზღაურებას ვერ მიიღებს და მისი ხელფასი მხოლოდ 25 საათის შესაბამისად დაანგარიშდება.
შეგახსენებთ, რომ სტატუსის სრული დანამატის მისაღებად საკმარისია, საგნის მასწავლებლები კვირაში არანაკლებ 15 გაკვეთილს ატარებდნენ, დაწყებითის პედაგოგები კი, რომლებმაც კომპეტენცია კომბინირებულ (ქართული ენა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება) გამოცდაზე დაადასტურეს, არანაკლებ 13-ს.