თელავის N2 საჯარო სკოლა აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპულ, შალვა ნადირაძეს იხსენებს
21-02-2018
„თელავის N2 საჯარო სკოლის ფასადზე მემორიალური დაფაა: ამ სკოლაში სწავლობდა აფხაზეთის ომში სოხუმის დაცვის დროს გმირულად დაღუპული შალვა ნადირაძე. 90 -იანი წლების კოშმარი, ომი, გახდა შალვასა და მისი თაობის არაერთი ახალგაზრდის ტრაგედიის მიზეზი, ომი - მავანთა სიხარბისა და პატივმოყვარეობის ნაყოფი, კაენის უბოროტესი სულის აღზევება, სიკვდილის სისხლიანი კალო.

ომებს იმპერიები იწყებენ, მთელ სამყაროს თვითონ რომ დაუდგინონ არსებობის წესი, მუდამ მათი ნების შესატყვისად რომ ამოდიოდეს მზე რომელიმე პატარა, მაგრამ მაინც დიდების ღირს ქვეყანაში. ომებს იმპერიები იწყებენ, მაგრამ ომში ბელადები, პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები არ მიდიან. ომში ხალისით აგრესიული კაცები მიდიან, თავიანთი კაცობის დასამტკიცებლად, ვაჟკაცობით თავის მოსაწონებლად, ნადავლის მოსაპოვებლად. 

ომში მიდიან დემაგოგიით მოწამლული, მოყვასის სიძულვილით დაავადებული პატარა ერის შვილებიც, მტერ-მოყვარე რომ ვერ გაურჩევიათ.კიდევ ბიჭები მიდიან ომში, დედის მოსაფერებლად, მამისა და ძმის იმედად, ამხანაგების „გულთა ნათელად“ და „თვალთა ჩინად“, ქვეყნის სამამულე რქად დაბადებული კეთილი ბიჭები, შალვას მსგავსები. შალვაც წავიდა...

სხვადასხვა დროს ირიცხებოდა ეროვნული გვარდიის მცხეთის ბატალიონის პირად შემადგენლობაში და თავდაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირების კორპუსის I ბრიგადის IV ბატალიონში ოცმეთაურის თანამდებობაზე. მონაწილეობას იღებდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში, იბრძოდა კეხვში, თამარაშენსა და ცხინვალში, გაგრაში, ეშერაში, ტამიშში, კინდღში, ათარაში, შრომაში, აძიუჟბაში, მონაწილეობდა სოხუმის დაცვისთვის ბრძოლებში.

1993 წელს, სოხუმის დაცემამდე ერთი დღით ადრე, 26 სექტემბერს, სოხუმის რკინიგზის სადგურთან შალვა გადამღობ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომელიც ქვედანაყოფის უსაფრთხო ზონაში გადმოსვლას უზრუნველყოფდა. ამ დღეს დაიღუპა შალვა, მისმა თავგანწირულმა მოქმედებამ უზრუნველყო ბატალიონის ძირითადი ნაწილის გადარჩენა. ომებს ქვეყნის იმედად დაბადებული კარგი ბიჭები ეწირებიან, მაგრამ მხოლოდ ისინი არ არიან ომის მსხვერპლნი. „უდედოდ გაზრდა ვინა თქვა შვილისა“. ომი ჯოჯოხეთია „რა ვქნის ციხედ“ ქცეული დედებისთვისაც. დედები შვილების გმირობასა და მოწამებრივ ხვედრზე არ ოცნებობენ, დედებს ჯანმრთელი და დღეგრძელი, ბედნიერი შვილები უხარიათ. 

25 წელს ელოდა დედა დაუტირებელი შვილის დაბრუნებას. შალვას ცხედარი 2017 წელს გადმოასვენეს აფხაზეთიდან სოხუმთან ახლოს მდებარე საძმო საფლავში აღმოჩენილ სხვა პირებთან ერთად. გმირად დაგვიბრუნდა შალვა, ვახტანგ გორგასლის I და II ხარისხის ორდენებია მისი ღვაწლის აღიარება. “

ავტორი: თელავის N2 საჯარო სკოლა
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203