თუ სკოლა ვერ ანაცვლებს მასწავლებლებს, სრულად გადადის დისტანციურზე - განათლების სამინისტროს რეკომენდაცია
14-01-2022

სწავლის დაწყების თარიღის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო იმატებს შფოთვა, შეძლებენ თუ არა სკოლები ბოლომდე შეინარჩუნონ სწავლების რეჟიმი თუ დისტანციურ ფორმატს აირჩევენ. ამის მიზეზი კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ სწრაფად გავრცელების უნარი და დადასტურებული შემთხვევების გაზრდილი რაოდენობაა.

Etaloni.ge-ს მშობლებმა მიმართეს კითხვით, შეუძლია თუ არა სკოლას ინდივიდუალურად მიიღოს სწავლების სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის გადაწყვეტილება, რადგან მათ მიერ დასახელებული სკოლები ამ საკითხსაც განიხილავენ, მშობლები კი საქმის კურსში უკვე ჩააყენეს.

საკითხის გასარკვევად Etaloni.ge-მ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა. როგორც უწყებაში განგვიმარტეს სწავლის ფორმატთან დაკავშირებით სკოლა გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებს და ეს განკარგულება მინისტრმა უნდა გამოსცეს. სკოლამ უნდა დაასაბუთოს, რომ ვერ ახერხებს კორონავირუსით ინფიცირებული თანამშრომლების ჩანაცვლებას, არსებობს ვირუსის ფართოდ გავრცელების საშიშროება და ამის შემდეგ სამინისტრო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

„თუ სკოლა ვერ ანაცვლებს სხვა მასწავლებლით ინფიცირებულ თანამშრომლებს, მაგ შემთხვევაში მოგვმართავს სამინისტროს და ჩვენ გავცემთ შესაბამის რეკომენდაციებს. ამ შემთხვევაში სკოლა შეიძლება სრულად გადავიდეს დისტანციური სწავლების ფორმატზე, თუმცა სამინისტროსთან შეუთანხმებლად ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს“, - განაცხადეს განათლების სამინისტროში.

შეგახსენებთ რომ საქართველოს მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი 17 იანვრიდან, დასწრებულ რეჟიმში უნდა განახლდეს, ონლაინ სწავლების არჩევა კი მოსწავლეებს დღეს სარამოს 6 საათამდე შეუძლიათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203