საქართველოში სკოლების პერსონალის 73% ვაქცინირებულია, - ეს ინფორმაცია მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა დაადასტურა და დასძინა, რომ სკოლებში უსაფრთხო გარემოა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ყველა საჯარო სკოლა წლის ბოლომდე სამყოფი ჰიგიენური საშუალებებით არის მომარაგებული. თბილისსა და რეგიონებში მოსწავლეები კი კვლავ უზრუნველყოფილნი იქნებიან ტრანსპორტით. სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და სკოლაში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ სკოლის ადმინისტრაცია მშობლების ინფორმირებას ინტენსიურად მოახდენს. სამინისტროს მხრიდან კი სკოლების მონიტორინგი კვლავ აქტიურად განხორციელდება.
როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, „ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრები სკოლების შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტროს ყოველდღიურად მიაწვდიან“.