„გაუქმდეს პრაქტიკული ნაწილის შეფასება“ - სტატუსის ამაღლების მსურველი მასწავლებლების მორიგი მოთხოვნა
23-01-2022

მასწავლებლები წამყვანისა და მენტორის სტატუსის მისაღებად მხოლოდ პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებას მოითხოვენ. პედაგოგები ღიად აღნიშნავენ, საგამოცდო პროგრამა იმდენად რთული და მრავალფეროვანია, რომ პრაქტიკული ნაწილის შეფასება საჭირო აღარ არის.

სტატუსის ასამაღლებლად პედაგოგები, პროფესიულ უნარებში გამოცდის ჩაბარების გარდა, პრაქტიკული საქმიანობის მიხედვითაც შეფასდებიან და შემდეგ გადაწყვეტს მასწავლებლის სახლი, იმსახურებს თუ არა პედაგოგი წამყვანის ან მენტორის სტატუსს. რაც შეეხება პრაქტიკულ ნაწილს, აქ იგულისხმება გარე დაკვირვება (მასწავლებელს, ერთი დღის განმავლობაში, ყველა გაკვეთილზე დაესწრებიან და შეაფასებენ), სასკოლო საზოგადოებასთან გასაუბრება (როგორ ახასიათებენ პედაგოგს ის ადამიანები, ვისთანაც მას საქმიანი ურთიერთობა აქვს), და პორტფოლიოს შეფასება, მასწავლებელს ყველა მნიშვნელოვანი მიღწევის დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა ჰქონდეს ატვირთული ელექტრონულ სისტემაში.

„გაუქმდეს პრაქტიკული ნაწილის შეფასება, რადგან მაინც ვიღაცის სუბიექტურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, თუ ჩავაბარებთ პროფესიული უნარების გამოცდას, მითუმეტეს ასე რთულად, საერთოდ მოხსნან ყველა დანარჩენი“.

„საკუთარ მიღებულ კანონებს ეწინააღმდეგებიან. მასწავლებელს ისედაც ესწრებიან დირექციის ან შეფასების ჯგუფის წევრები გაკვეთილზე, დაეყრდნონ მათ დახასიათებას. იქნებ გარე დაკვირვება მასწავლებლისა და დირექციის შემოწმებაა ერთდროულად?!“

„პრაქტიკულ ნაწილში სასკოლო საზოგადოებასთან ინტერვიუირებაა ჩაწერილი, რაც სრული აბსურდია. გარეშე პირის დახასიათება ვერ იქნება ობიექტური და მითუმეტეს, ვიღაცის ნათქვამი არ უნდა წყვეტდეს, იმსახურებს თუ არა პედაგოგი უმაღლეს სტატუსს“.

„პორტფოლიოს შეფასების კრიტერიუმებიც არ მოუციათ, რის მიხედვით შევადგინოთ? იმდენად ბუნდოვანია, როგორი უნდა იყოს კარგი პორტფოლიო, რომ თავად მასწავლებლის სახლშიც ვერ მიპასუხეს ამაზე სრულყოფილად. მასწავლებლებს სთხოვენ იმას, რაც თავად არ იციან, მუდმივად საცდელი კურდღლები როგორ ვართ?! თუ ის გამოცდა ჩავაბარე, რომელშიც მასწავლებლის სტანდარტიდან დაწყებული მდგრადი განვითარებით და კვლევით გაგრძელებული, შემდეგ კი ციფრული მოქალაქეობითაა დასრულებული, წამყვანის სტატუსი კი არა დოქტორის ხარისხი უნდა მომცენ!“

მასწავლებელთა არგუმენტები დამაჯერებელია, პრაქტიკული ნაწილის შეფასება, შესაძლოა, სულაც არ იყოს ობიექტური, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, თუმცა დღევანდელი კანონით პედაგოგებს, სტატუსის ასამაღლებლად, პროფესიული უნარების გამოცდის შემდეგ კიდევ დიდი გზა აქვთ გასავლელი. აღსანიშნავია, რომ მასწავლებლებს გამოცდაზე მიღებული შედეგი 3 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ. შესაბამისად, მათ უფლება ექნებათ, 3 წლის განმავლობაში გაიარონ კომპლექსური შეფასების პრაქტიკული ნაწილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203