მოსწავლეს, რომელსაც სწავლების ფორმატთან დაკავშირებით არჩევანი გაკეთებული აქვს და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში დარეგისტრირებულია, როგორც დისტანციური სწავლის მსურველი, სკოლაში სიარულის უფლება არ აქვს.
როგორც Etaloni.ge-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, ვიდრე მოსწავლე არ მოითხოვს რეგისტრაციის გაუქმებას, მას გაკვეთილები დისტანციურად ჩაუტარდება, ხოლო სკოლაში ვერ გამოცხადდება.
„ერთდროულად იარო სკოლაშიც და თან რეგისტრირებული იყო სისტემაში, როგორც დისტანციურზე მყოფი მოსწავლე შეუძლებელია, რადგან როდესაც ირჩევ დისტანციურად სწავლას, შესაბამისად გაკვეთილებიც გიტარდება ამ ფორმით. თუ წინა სემესტრში მოსწავლე დისტანციურად სწავლობდა და რეგისტრაცია არ გაუუქმებია, ამ სემესტრშიც ისწავლის იგივე ფორმით“, - განაცხადეს განათლების სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ დისტანციურ სწავლაზე გადასასვლელად, რეგისტრაცია ხდება ყოველი კვირის ხუთშაბათ დღეს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, ხოლო რეგისტრაციის გაუქმებაც ამ დღესაა შესაძლებელი.