ახალი წელი განათლების სამინისტრომ საკადრო ცვლილებებით დაიწყო, ასევე უკვე დაანონსებულია წამყვანობისა და მენტორობის გამოცდები, თუმცა ჯერჯერობით არაფერი ისმის პედაგოგების სავალდებულო ტრენინგებთან დაკავშირებით, რომლებიც 2021 წელს აქტიურად ტარდებოდა. სწორედ ამიტომ, etaloni.ge დაინტერესდა, გაგრძელდება თუ არა იგივე მიდგომა ახალი წლიდან?
საკითხის გასარკვევად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს მივმართეთ, მით უმეტეს, რომ პედაგოგებს სტატუსის მიხედვით, ტრენინგების გავლის ვალდებულება აქვთ - უფროსმა 20, წამყვანმა 12, მენტორმა კი 6-საათიანი ტრენინგი უნდა გაიაროს.
აპირებს თუ არა მასწავლებლის სახლი სტატუსიანი პედაგოგებისთვის სავალდებულო ტრენინგების ჩატარებას? - ამ კითხვით ოფიციალურ უწყებას მივმართეთ, სადაც გვიპასუხეს, რომ ეს მიდგომა აუცილებლად გაგრძელდება, თუმცა დეტალები ჯერჯერობით უცნობია: „როდის დაიწყება და რა ფორმით ჩაუტარდებათ მასწავლებლებს სავალდებულო ტრენინგები, ჯერჯერობით ამაზე საუბარი ადრეა, თუმცა იმის თქმა დანამდვილებით შეგვიძლია, რომ სავალდებულო ტრენინგები აუცილებლად ჩატარდება“.