მასწავლებელთა ნაწილმა პროფესიულ და კარიერულ წინსვლაზე ზრუნვა უკვე დაიწყო. რამდენიმე თვეში წამყვანისა და მენტორის სტატუსის მოსაპოვებელი გამოცდა ჩატარდება, თუმცა გამოცდა ერთ-ერთია და არა ერთადერთი, რომლის შემდეგაც პედაგოგს სტატუსი და ანაზღაურება მოემატება.
მასწავლებლები პრაქტიკული საქმიანობის მხრივაც შეფასდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ პედაგოგს ერთი დღის განმავლობაში ყველა გაკვეთილზე დაესწრებიან და მის უნარ-ჩვევებსა და მოსწავლეებთან დამოკიდებულებას შეაფასებენ.
როდის და რამდენი პირი დაესწრება სტატუსის ამაღლების მსურველ მასწავლებელს გაკვეთილებზე?
გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, სკოლა წინადადებით მიმართავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს პედაგოგის პრაქტიკული ნაწილის შეფასების მიზნით, რომლის საფუძველზეც წინადადების მიღების მიმდინარე ან მომდევნო სემესტრის განმავლობაში პედაგოგს გაკვეთილებზე მასწავლებლის სახლიდან დაესწრებიან, ასევე ჩაატარებენ სასკოლო საზოგადოებასთან გასაუბრებასა და შეაფასებენ მის პორტფოლიოს.
კანონით განსაზღვრულია, რომ პედაგოგს, პრაქტიკული ნაწილის შეფასებისას, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ უფლებამინიჭებული არანაკლებ 2 პირი შეაფასებს, რაც ნიშნავს, რომ დამსწრეთა რიცხვი, შესაძლოა, ორზე მეტიც იყოს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებლებს, რომლებიც სტატუსის ამაღლების გამოცდას წარმატებით ჩააბარებენ, შედეგი შეენახებათ, შესაბამისად, პედაგოგი ვალდებული არაა, გარე დაკვირვება გამოცდის ჩაბარებისთანავე მოითხოვოს. მას უფლება აქვს, კომპლექსური შეფასების პრაქტიკული ნაწილი 3 წლის განმავლობაში გაიაროს.