„ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ონლაინ რეჟიმზე გადასვლა არ მოგვიწიოს“- საჯარო სკოლების დირექტორები
24-01-2022
საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში II სასწავლო სემესტრი დასწრებით ფორმატში განახლდა. კოვიდინფიცირების შემთხვევები კი ყოველდღიურად იმატებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ყველა საჯარო სკოლა საჭირო ინვენტარით არის აღჭურვილი, რათა სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა სკოლებში მაქსიმალურად იყოს დაცული.

როგორ განახლდა II სასწავლო სემესტრი, როგორია დასწრების მაჩვენებელი და რა განწყობა სუფევს სასკოლო საზოგადოებაში, ამ საკითხებთან დაკავშირებით etaloni.ge საჯარო სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა.

ლაურა ტატუაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლის დირექტორი:

„II სასწავლო სემესტრი​ დასწრებით რეჯიმში 17 იანვარს დავიწყეთ. სკოლაში მოსწავლეთა უსაფრთხოებისთვის ყველა პირობა დაცული გვაქვს და რეგულაციებს ვიცავთ. ამ ეტაპზე კოვიდი არც ერთ ბავშვს არ დაფიქსირებია. მხოლოდ დღეს, ერთი პედაგოგი დამიკავშირდა, რომლის ოჯახის წევრსაც ვირუსი დაუდასტურდა, შესაბამისად იგი დისტანციურ ფორმატზე გადავიყვანეთ და გავუშვით იზოლაციაში. ამ ეტაპზე მდგომარეობა ნორმალურია. მშობლებშიც მშვიდი განწყობაა. მხოლოდ ერთი პირველკლასელის მშობელმა გამოთქვა ონლაინ სწავლების სურვილი და შესაბამისად ეს მოსწავლე სწავლას დისტანციურად განაგრძობს“.

დავით ნაჭყებია, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენს სკოლაში სწავლა 17 იანვარს დასწრებით ფორმატში განახლდა. დასწრება სრული ბუნებრივია არ არის, რადგან ვირუსის ყველას ეშინია. ამ ეტაპზე მე-9 კლასელის მშობელმა მოითხოვა ონლაინ ფორმატზე გადასვლა. ჩემის მხრივ დავუკავშირდი საგანმანათლებლო რესურსცენტრს და ერთობლივად დავგეგმეთ პროცედურები, ახლა მშობელს დაუკავშირდება დამრიგებელი და იგი, თუ კვლავ დაადასტურებს თავის სურვილს მოსწავლე სწავლას ონლაინ განაგრძობს. მშობლების ნაწილს შექმნილი მდგომარეობის ეშინია, ნაწილსაც არა, თუმცა სწავლა დასწრებით ფორმატში მიმდინარეობს“.

მაია ხარაიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რატევანის საჯარო სკოლის დირექტორი:

„სწავლის I კვირა იყო სრულად დასწრებით, დღეს ეს რიცხვი შედარებით ნაკლებია. მოსწავლეები ყველა კლასში არიან, თუმცა არა სრულად. ერთი პედაგოგი კოვიდინფიცირებულია და სახლში, იზოლაციაში იმყოფება. სკოლაში ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით ვიცავთ და მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელება საფრთხის შემცველად არ მიმაჩნია. მშობლები რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე რომ ვირუსის შემთხვევებმა, როგორც მთელს ქვეყანაში, ისე ჩვენს რეგიონშიც იმატა მაქსიმალურად ფრთხილობენ. ყველა მშობელთან გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია და თუ რომელიმე ბავშვს, ან ოჯახის წევრს რაიმე სიმპტომი დაუფიქსირდება, სახლში რჩებიან. მაქსიმალურად ვცდილობთ დაინფიცირებული მოსწავლის სკოლაში მოსვლა არ მოხდეს და ჯერჯერობით ამას ვახერხებთ“. 

მაია ტორაძე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი:

„სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში მიმდინარეობს და მოსწავლეების მხოლოდ 1-2% აცდენს; ბავშვს, თუ რაიმე სახის სიმპტომი აღენიშნება რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ სახლში დარჩეს. ყველა ცდილობს, რომ სკოლაში იარონ. ახლა, კოვიდის ახალმა შტამმა რაც შემოგვიტია, ცოტა დაფრთხნენ მშობლები, მაგრამ შვილებს სკოლაში მაინც უშვებენ. ჩვენი მხრიდან ყველა არსებული რეგულაცია დაცულია და გათვალისწინებულია ყველა რეკომენდაცია“.

პაატა რურუა, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენს სკოლაში სასწავლო წლის მეორე სემესტრი ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. სკოლაში მოსვლა ყველას უნდა, თუმცა შექმნილი ვითარება ასეთია. ამ ეტაპზე ონლაინ სწავლების პრიორიტეტია, თუმცა შემდეგ რა იქნება ეს საჭიროებიდან გამომდინარე გადაწყდება“. 


ინგა მიქალაძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

„სწავლა ჩვეულ, დასწრებით ფორმატში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ვირუსი არც მოსწავლეებსა და არც სკოლის პერსონალში არ დაფიქსირებულა. დადიან მოსწავლეები, არის გაცდენებიც, თუმცა საგანგაშოდ არა. ონლაინ ფორმატში სწავლა არც ერთ მშობელს არ მოუთხოვია, ყველას სკოლაში მოსვლა ურჩევია. რეგულაციებისა თუ რეკომენდაციების დაცვით ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ონლაინ რეჟიმზე გადასვლა არ მოგვიწიოს“.

ლუიზა შონია, აფხაზეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენთან სწავლა როგორც საკლასო ოთახებში, ისე ონლაინ რეჟიმით მიმდინარეობს. ძირითადად მოსწავლეები, მაინც დადიან სკოლაში, თუმცა მშობლებმა ვინც სწავლის დისტანციური ფორმატი არჩია მათი შვილები ონლაინ სწავლობენ. რა თქმა უნდა, მომატებული შემთხვევების ფონზე შიშმა იმატა, თუმცა მაინც საკლასო ოთახებში ყოფნა ურჩევიათ“.

რამაზ ინჯგია, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათის საჯარო სკოლის დირექტორი:

„სწავლა რეგულაციების სრული დაცვით დასწრებით რეჟიმში განვაახლეთ. ამ ეტაპზე პრობლემა ჯერჯერობით არ არის და იმედს ვიტოვებთ, რომ მსგავსად გაგრძელდება. დასწრების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი 80-90%-ია. მშობლებშიც ნორმალური დამოკიდებულებაა და სიმპტომების დაფიქსირების შემთხვევაში ბავშვები სკოლაში არ მოდიან. სიფრთხილისა და რეკომენდაციების დაცვით სწავლის გაგრძელების მზაობა არსებობს“.

ინესა მანელოვა, დმანისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენს სკოლაში II სასწავლო სემესტრი ჰიბრიდული ფორმატით განახლდა, ამ ეტაპზე დისტანციურ სწავლებაზე 2 კლასია გადასული. სწავლა ნორმალურად მიმდინარეობს, თუმცა მშობლებიც და სკოლაც მაქსიმალურად ვფრთხილობთ. არიან ოჯახები, სადაც ვირუსი დაფიქსირდა და ასეთ შემთხვევებში მოსწავლეები გაკვეთილებზე არ ცხადდებიან“.

ირმა წაქაძე, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

„სწავლა 17 იანვარს დაიწყო დასწრებით რეჟიმში, მაგრამ გეგმიური ტესტირების დროს 1 პედაგოგს ვირუსი დაუდასტურდა. ამას მოჰყვა ის, რომ არდადეგებზე კიდევ ორი პედაგოგი, ბუღალტერი, ექიმი და დამლაგებელიც დაინფიცირდნენ. ამ ეტაპზე სკოლის მხოლოდ 14 პედაგოგია ინფიცირებული და სკოლა ვინაიდან მათი შემცვლელების მოძიებას ვერ ახერხებს ჯანდაცვასთან კონსულტაციების შემდგომ გადაწყდა, რომ 1 კვირიან იზოლაციაში გადავსულიყავით. ამ ეტაპზე ონლაინ სწავლებაზე ვართ და დასწრებით რეჟიმში სწავლას ხუთშაბათს გავაგრძელებთ“.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203