ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები იკლებს, თუმცა დისტანციური სწავლება კვლევ აქტუალურია.
პედაგოგები ძალიან დატვირთულები არიან, ყველა ვერ ასწრებს დღის განმავლობაში როგორც კლასში, ასევე „თიმსში“ გაკვეთილების ჩატარებას. ამიტომ დისტანციურ სწავლებაზე გადასულ მოსწავლეებს ონლაინგაკვეთილებს, ზოგ შემთხვევაში, სხვა მასწავლებელი უტარებს. პრობლემა კი მაშინ იჩენს თავს, როდესაც „ონლაინ კლასი“ იქმნება ანუ როდესაც პარალელური კლასელებისთვის ერთი ცხრილი შედგება და ონლაინ გაკვეთილზე სხვადასხვა კლასის მოსწავლეები იყრიან თავს.
„დისტანციური მასწავლებელი“ შესაძლოა, არც იცნობდეს მოსწავლეს, რომელიც ონლაინ გაკვეთილზე ესწრება, თუმცა ის უნდა ჩართოს გაკვეთილის მიმდინარეობაში და შეაფასოს კიდეც. პედაგოგების ერთ-ერთი გამოწვევა კი ისაა, რომ „ონლაინ კლასის“ მოსწავლეები სკოლაში სხვადასხვა საგაკვეთილო თემაზე არიან შეჩერებული, მასწავლებელს კი უწევს, გაკვეთილი ისე დაგეგმოს, რომ ყველა ბავშვისთვის გასაგები იყოს და „არ გადაახტეს“ მასალას, რომელიც თუნდაც ერთ მოსწავლეს ჯერ სკოლაში არ გაუვლია.
„ონლაინ კლასები“ მასწავლებლებისთვის დიდი თავსატეხია, რის გამოც პედაგოგები ხშირად აღნიშნავენ, რომ კლასი ან სრულად უნდა გადადიოდეს დისტანციურ სწავლებაზე, ან - არავინ. მათი შეფასებით, სამინისტროს მიერ მშობლებისთვის შეთავაზებული სწავლის ფორმატის არჩევანის საშუალება მასწავლებლების ზედმეტი ენერგიის ხარჯვაა. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ დისტანციურ გაკვეთილში პედაგოგებს 7 ლარი ერიცხებათ (ხელზე კი 5,60 ლარს იღებენ), მასწავლებლების უმრავლესობა მზადაა, უარი თქვას ზედმეტ ანაზღაურებაზე და ორმაგად აღარ დაიტვირთვოს.