ქვეყანაში კორონავირუსის ათასობით შემთხვევის დადასტურების ფონზე სკოლის მასწავლებელთა პასუხისმგებლობა უფრო მეტად გაიზარდა.
სკოლის ადმინისტრაციამ და მასწავლებლებმა უნდა შეძლონ, რომ არცერთმა მოსწავლემ არ დაარღვიოს რეგულაციები. კერძოდ კი, არ მოიხსნან პირბადე (დაფარული ჰქონდეთ როგორც პირი, ასევე ცხვირი), არ შეეხონ ერთმანეთს, დაიცვან დისტანცია, ასევე ხშირად დაიმუშავონ ხელები სადეზინფექციო ხსნარით.
დამრიგებლობა დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან კლასის ხელმძღვანელს თითოეულ მოსწავლეზე ზრუნვა და სკოლაში მათი ჯანმრთელობის დაცვა ევალება. კლასის ხელმძღვანელმა ყველა მოსწავლის გაცდენის მიზეზი უნდა იცოდეს. მოსწავლის სკოლაში არ გამოცხადებისთანავე დაამრიგებელი მის მშობელს/მეურვეს უნდა დაუკავშირდეს და გაცდენის მიზეზი გაიგოს.
რა შემთხვევაში უნდა მოსთხოვოთ მოსწავლეს სკოლაში დაბრუნებამდე კოვიდ ტესტის პასუხი ან სამედიცინო ცნობა?
თუ მოსწავლემ სკოლა იმიტომ გააცდინა, რომ მას ჰქონდა (ტემპერატურა, ხველა, სურდო...), სკოლაში გამოცხადებამდე მშობელმა ცხელების ცენტრს უნდა მიმართოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად და ტესტირების ჩასატარებლად. მოსწავლის სკოლაში დაბრუნებამდე კი დამრიგებელმა მისი კოვიდტესტის პასუხი უნდა იცოდეს.
თუ მოსწავლეს კოვიდ-19-ის შესაბამისი მსუბუქი სიმპტომები აქვს, თუმცა ტემპერატურა არ აღენიშნება, სასურველია, მშობელმა მიმართოს ოჯახის ექიმს და თუ ტესტის გაკეთების საჭიროება არაა, ექიმის მიერ დაწერილი შესაბამისი ცნობა წარუდგინოს დამრიგებელს, ტესტის გაკეთების შემთხვევაში კი - პასუხი.
გარდა ამისა, დამრიგებელს შეუძლია კოვიდტესტის პასუხი იმ შემთხვევაშიც მოსთხოვოს მოსწავლეს, თუ მისი ოჯახის წევრს ჰქონდა რესპირატორული დაავადების სიმპტომები. თუ ოჯახის წევრს კოვიდი დაუდასტურდა, მოსწავლემ, რა თქმა უნდა, ტესტის პასუხის მიუხედავად, იზოლაციის წესები უნდა დაიცვას და სკოლაში არ გამოცხადდეს.