KIU დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის ახალ შესაძლებლობას ქმნის
26-01-2022
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და  ბრიტანეთის საბჭო ერთობლივ ახალ პროექტს იწყებს. პროექტის მიზანია, ინგლისური ენის მოსამზადებელი კურსების შეთავაზება იმ  მოსწავლეებისთვის, რომლებიც უმაღლესი განათლების მიღებას 2022 და 2023 წლებში KIU-ში გეგმავენ.

ინგლისური ენის სასწავლო კურსი თებერვლიდან დაიწყება და იგი სრულად იქნება დაფინანსებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ. ინგლისური ენის მაღალი ხარისხის ონლაინ გაკვეთილების ჩატარებას კი, ბრიტანეთის საბჭო უზრუნველყოფს. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეძლებენ ინგლისური ენის ცოდნის დონის გაღრმავებას. პროექტის მიზანს წარმოადგენს უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.


კურსის შესახებ:

ინგლისური ენის მოსამზადებელი კურსი მოიცავს 60 საათს. მეცადინეობები ჩატარდება კვირაში 4 საათი, ონლაინ რეჟიმში. სასწავლო მასალა უზრუნველყოფილი იქნება კურსის ფარგლებში. კურსის განმავლობაში მონაწილეები გაიუმჯობესებენ საუბრისა და წერის უნარებს, გაიმდიდრებენ ლექსიკური და გრამატიკული სტრუქტურების ცოდნას. წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ ბრიტანეთის საბჭოს სერტიფიკატს.
სააპლიკაციო ფორმა და რეგისტრაციის პირობები:

დაინტერესების შემთხვევაში, მსურველებს შეუძლიათ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა  (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ განცხადების შესავსებად საჭიროა გამოიყენოთ Gmail ელექტრონული ფოსტა) ან დაუკავშირდნენ ბრიტანეთის საბჭოს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე office@ge.britishcouncil.org 2022 წლის 31 იანვრამდე (ადგილები შეზღუდულია), მოსწავლეთა შერჩევა მოხდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

კურსში მონაწილეობისა და KIU სტიპენდიის მისაღებად აპლიკანტი ამჟამად უნდა სწავლობდეს მე-11 ან მე-12 კლასში, იყოს საქართველოს მოქალაქე და მიეკუთვნებოდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:

1. სწავლობს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
2. ჰყავს გარდაცვლილი მშობელი/მშობლები;
3. ჰყავს კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული ან დაღუპული მშობელი;
4. არის მძიმე / მნიშვნელოვნად / ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;
5. არის მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (ოთხი ან მეტი შვილით);
6. არის ობოლი და ცხოვრობს სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში;
7. დარეგისტრირებულია, როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი  ოჯახის  სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლები 70,000-ზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ბრიტანეთის საბჭოს office@ge.britishcouncil.org
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203