აქვს თუ არა უფლება დირექტორს, რომ მოსწავლე პირსინგის გამო გარიცხოს სკოლიდან? შეუძლია თუ არა დამრიგებელს მოსწავლის დასჯა, თუ ის შეღებილი თმით გამოცხადდება სკოლაში? დაშვებულია თუ არა დახეული ჯინსით და მოკლე მაისურით სკოლაში სიარული? - ეს ის კითხვებია, რომლებიც ხშირად ხდება განხილვის საგანი.etaloni.ge დაინტერესდა, მიუღიათ თუ არა შენიშვნა ან გაფრთხილება სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც პირსინგს ან შეღებილ თმას ატარებენ? ასევე თუ ყოფილა შემთხვევა, რომ ისინი სკოლაში შეუსაბამო ტანსაცმლის გამო არ შეუშვიათ? არასრულწლოვნები გვპასუხობენ:
„წარბზე გაკეთებული საყურის გამო დირექტორი დამემუქრა, რომ გამრიცხავს. ჩემი მშობელი დაიბარეს, არ ვიცი რა იქნება“.
„თმა რომ ლურჯად შევიღებე, ისეთი ამბავი მოჰყვა, ჯერ დამრიგებელმა მომცა შენიშვნა, შემდეგ დირექტორთან შემიყვანეს, სკოლიდან გაგიშვებთო, დამემუქრნენ და მომთხოვეს, თმა ჩემს ბუნებრივი თმის ფერზე გადამეღება, ჯერჯერობით არ შემისრულებია მოთხოვნა, თუმცა ლურჯად შეღებვას აღარ ვაპირებ“.
„დახეული ჯინსის გამო დამრიგებელმა სკოლის კარიდან გამაბრუნა. არც ვიცოდი, თუ არ შეიძლებოდა, ჩემთვის არავის აუხსნია, რა ჩამეცვა და რა არა - სკოლაში“.
„თმას სულ სხვადასხვა ფრად ვიღებავ და შენიშვნა ჯერ არ მიმიღია, დამრიგებელმა ხუმრობით მითხრა, ვეღარ გცნობ, სულ სხვადასხვა ფერის თმით რომ ჩნდები სკოლაშიო და სულ ეს იყო, დირექტორი არც ჩარეულა“.
„პირსინგს უკვე თითქმის ერთი წელია, ვატარებ, დისტანციურ სწავლებაზე ვიყავით, როდესაც პირველად გავიკეთე. სკოლაში ასე რომ მივედი, რა თქმა უნდა, გაკვირვება მოჰყვა, თუმცა სიტყვიერი შენიშვნა მივიღე მხოლოდ, სკოლიდან გარიცხვის მუქარა არც ყოფილა“.
როგორც ჩანს, სკოლები სხვადასხვანაირად აღიქვამენ მოსწავლის მიერ თმის შეღებვას, პირსინგს და ჩაცმის წესს. როგორც
etaloni.ge-მ გაარკვია, მოსწავლე აღნიშნულის გამო შენიშვნას მხლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ სკოლას შინაგანაწესში აქვს გაწერილი, თუ როგორ არ დაიშვება მოსწავლე სკოლაში. რაც შეეხება გარიცხვას,
დაუშვებელია დაწყებით და საბაზო საფეხურებზე მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა.შეღებილი თმა, პირსინგი და ჩაცმის სტილი დისციპლინური გადაცდომაა იმ შემთხვევაში, თუ ამით სკოლის შინაგანაწესი ირღვევა. თუმცა დაუშვებელია მოსწავლის ღირსების შელახვა და დამცირება ამის გამო.
ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიზედვით, შინაგანაწესის დარღვევის გამო პასუხისმგებლობის სახით შეიძლება გათვალისწინებული იყოს მოსწავლის გაფრთხილება, მკაცრი გაფრთხილება, გაკვეთილიდან გაძევება, სკოლიდან დროებით დათხოვნა, მოსწავლისთვის სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება და სხვა დისციპლინური სახდელები.
მოსწავლის სკოლიდან დროებით დათხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელს. ამასთან, სკოლა ვალდებულია მოსწავლე გაკვეთილიდან გაძევების ან სკოლიდან დროებით დათხოვნის შემთხვევაში თავისი მზრუნველობის ქვეშ ჰყავდეს.