უნდა დაუწეროს თუ არა ნიშანი მოსწავლეს ონლაინ გაკვეთილის მასწავლებელმა, რომელიც სკოლაში მას არ ასწავლის?
27-01-2022

დისტანციური სწავლების ფორმა ათასობით მოსწავლეს აქვს არჩეული. მიზეზი ქვეყანაში გაზრდილი კორონავირუსის შემთხვევებია.

შეიქმნა „ონლაინ კლასები“, სადაც ერთი და იგივე ან პარალელური კლასის მოსწავლეები არიან თავმოყრილი. მოსწავლეთა რაოდენობა „ონლაინ ჯგუფში“ I-VIII კლასებში არ უნდა აღემატებოდეს 29-ს, ხოლო IX -XII კლასებში-35-ს. როდესაც კლასი სრულად გადადის დისტანციურ სწავლებაზე, ასეთ დროს ონლაინ გაკვეთილებს ამავე კლასის პედაგოგი ატარებს, თუმცა თუ „ონლაინ კლასები“ პარალელური კლასელების მოსწავლეებისგან დაკომპლექტდა, შესაძლოა, მოსწავლეებს ონლაინ გაკვეთილს სხვა პედაგოგი უტარებდეს, ის, ვინც მათ სკოლაში არ ასწავლის.

უნდა დაუწეროს თუ არა ჟურნალში შეფასება მოსწავლეს ონლაინ გაკვეთილის მასწავლებელმა, რომელიც სკოლაში მას არ ასწავლის? ვინ აღრიცხავს დისტანციური სწავლების დროს მოსწავლეთა დასწრებას, ონლაინ გაკვეთილის მასწავლებელი თუ კლასის დამრიგებელი?

როდესაც „ონლაინ კლასები“ იქმნება, „თიმსში“ ახალი ჟურნალი ჩნდება, სადაც მხოლოდ იმ მოსწავლეთა ჩამონათვალია, რომლებიც „ონლაინ კლასებში“ გაერთიანდნენ. კლასი ელექტრონულ ჟურნალში ჩვეულებრივად ჩანს, თუმცა ამგვარად დაკომპლექტებულ კლასს ცალკე დამრიგებელი არ ჰყავს. ჟურნალის შევსებაზე პასუხისმგებლობა კი საგნების მასწავლებლებს აკისრიათ.

დისტანციური გაკვეთილების მასწავლებელმა ჟურნალში როგორც შეფასებები, ასევე „არები“ უნდა შეიტანოს. მართალია, დასწრებასა და ქულებს პედაგოგი წერს, თუმცა მოსწავლის აკადემიური მოსწრებით მისი დამრიგებელიც უნდა იყოს დაინტერესებული და გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაში, აცნობოს მშობელს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203