კერძო სკოლა „ანაბასისში“ კონფერენცია თემაზე -„კონსტიტუციონალიზმის ისტორია საქართველოში“ მოეწყო
22-02-2018

ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეების მიერ მოეწყო კონფერენცია თემაზე -„კონსტიტუციონალიზმის ისტორია საქართველოში“. 

კონფერენციას სამოქალაქო განათლების პედაგოგი თეა სამხარაძე ხელმძღვანელობდა.

კონფერენციის ბოლოს მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი შეხედულებები და დამოკიდებულებები ქვეყნის კონსტიტუციის არსსა და მნიშვნელობაზე.

საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ისტორია იწყება XX საუკუნეში, როდესაც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და დაიწყო კონსტიტუციის შემუშავება.

საქართველოს ისტორიაში პირვლელი კონსტიტუცია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ შეიმუშავა, რომელიც მიღებული იქნა 1921 წლის 21 თებერვალს.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელნი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ქვეყნის ძირითად კანონს, კონსტიტუციის შემუშავებას და მისი მიღება მიაჩნდათ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ.

კონსტიტუციის შემუშავებისა და მიღების პროცესი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის თითქმის მთელი პერიოდის მანძილზე გრძელდებოდა. ქვეყნის ძირითად კანონზე მუშაობა ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე დაიწყო, 1921 წლის 21 თებერვალს კი, როდესაც საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ თავის საგანგებო სხდომაზე ერთხმად მიიღო კონსტიტუცია, თბილისის მისადგომებთან ბრძოლები მიმდინარეობდა.

1921 წლის კონსტიტუციის შემუშავებაზე მუშაობდა საქართველოს ეროვნული საბჭოს (საქართველოს პარლამენტის) საკონსტიტუციო კომისია (1918 წ. 6 ივნისი - 1919 წ. 8 მარტი) და დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისია (1919 წ. 18 მარტი - 1921 წ.21 თებერვალი). შეიძლება დავასახელოთ ის პიროვნებებიც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს კონსტიტუციის შემუშავებაში: ნოე ჯორდანია, პავლე საყვარელიძე, სერგი ჯაფარიძე, გიორგი გვაზავა, მიხეილ რუსია, ლევან ნათაძე, იოსებ ბარათაშვილი, აკაკი ჩხენკელი, გიორგი ნანეიშვილი და სხვები.

1921 წლის 21 თებერვალს, როდესაც კონსტიტუციას ღებულობდნენ, ქართული საზოგადოების განწყობა არ ყოფილა დამარცხების გარდუვალობით გამსჭვალული. პირიქით, ფიქრობდნენ, რომ მტრის შემოტევის მოგერიება ამჯერადაც მოხერხდებოდა და საქართველო შეძლებდა დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი მშენებლობის გზის გაგრძელებას.

კონსტიტუციის პროექტის განხილვა დამფუძნებელმა კრებამ 1920 წლის 24 ნოემბერს დაიწყო. იმდროენდელ მმართველს პარტიას, სოციალ-დემოკრატებს, რომელთაც დამფუძნებელ კრებაში უმრავლესობა ჰქონდათ, შეეძლოთ კონსტიტუციის მიღება მოკლე ვადაში მაგრამ საჭიროდ ჩათვალეს კონსტიტუციურ საკითხებზე ფართო დისკუსიის გამართვა და ყველა ოპოზიციურ ძალას მიეცა საშუალება თავისი მოსაზრებები დაწვრილებით წარმოედგინა. ამან ბუნებრივია, კონსტიტუციის მიღება გააჭიანურა.

საბჭოთა რუსეთის თავდასხმა რომ არა, კონსტიტუციის მიღებას, სადღაც გაზაფხულზე დაამთავრებდნენ, შეიძლება 12 მარტისთვის - დამფუძნებელი კრების გახსნის დღისთვისაც დაემთხვიათ. შემოდგომაზე კი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა.

მოვლენები, სამწუხაროდ, სხვანაირად წარიმართა... 25 თებერვალს თბილისში წითელი არმიის ნაწილები შემოვიდნენ და ეს დღე საქართველოს გასაბჭოების თარიღად იქნა მიჩნეული. თუმცა, 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთ-საქართველოს ომი არ დამთავრებულა და ის კიდევ დაახლოებით სამი კვირა გაგრძელდა.1921 წლის კონსტიტუცია ცალკე ბროშურის სახით ბათუმში დაიბეჭდა, საქართველოს მთავრობის ემიგრაციაში წასვლის წინ.

საქართველომ ვერ მოასწრო 1921 წლის კონსტიტუციის მიხედვით ცხოვრება, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ 1921 წლის კონსტიტუციის შემუშავების დროს მნიშვენელოვანწილად ეყრდნობოდნენ იმდროინდელი საქართველოს სახელმწიფოებრივი ცხოვრების პრაქტიკას. ის ინსტიტუტები და პოლიტიკური ცხოვრების წესები, ადამიანის უფლებები, მოკლედ თითქმის ყველაფერი, რასაცამკვიდრებდა 1921 წლის კონსტიტუცია ფაქტობრივად არსებობდა და მოქმედებდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. საქართველოს საბჭორუმა ოკუპაციამ და კომუნიზმის მშენებლობის ბოლშევიკურმა ექსპერიმენტმა მნიშვნელოვნად შეცვალა საქართველო და ის რეალობა, რასაც ემყარებოდა 1921 წლის კონსტიტუცია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203