ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას 2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის. სტუდენტებს, რომლებსაც სურთ სწავლა KIU-ში გააგრძელონ, საშუალება ეძლევათ 2022 წლის 28 იანვრიდან 8 თებერვლის ჩათვლით რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე – students.emis.ge გაიარონ. უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა დოკუმენტაციის მიღება 11-12 თებერვალს განხორციელდება.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის ვაკანტური ადგილები შემდეგ პროგრამებზე გამოცხადდა: მათემატიკა - 2 ვაკანტური ადგილი;
კომპიუტერული მეცნიერება - 8 ვაკანტური ადგილი;
მენეჯმენტი - (კონცენტრაციები: ეკონომიკა და პოლიტიკა; ფინანსები და ბუღალტრული აღრიცხვა; ოპერაციების და მიწოდების ჯაჭვის მართვა; მარკეტინგი, სტრატეგია და ლიდერობა; ინოვაციები და მეწარმეობა) – 8 ვაკანტური ადგილი. დეტალური ინფორმაცია მობილობის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ:
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 160-მდე ჰექტარ მიწაზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) სტუდენტების პირველი ნაკადი 2020-2021 სასწავლო წელს ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე (მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება) მიიღო. დღეისათვის უნივერსიტეტში 700-მდე სტუდენტი სწავლობს. KIU-ს პარტნიორია მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM and TUM International).