შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მეორე ტურის შედეგებს აქვეყნებს - აპელაციის ვადები და დეტალები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ოლიმპიადის მეორე ტურის პირველადი შედეგებს აქვეყნებს. 2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულია ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50%-სა და მოხვდა შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ მონაწილეს შორის.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მონაწილის სააპელაციო განაცხადი მიიღება 2 თებერვლის 10:00 საათიდან 3 თებერვლის 18:00 საათამდე.
ოლიმპიადის მონაწილემ განაცხადი უნდა წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას მართვის ერთიანი ავტომატური სისტემის (eflow) გამოყენებით. განაცხადი ასევე მიიღება ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: gancxadebebi@naec.ge - იმისათვის, რომ ელექტრონულ ფოსტაზე შემოსულ კორესპონდენციებს მიეცეს მსვლელობა, განაცხადის ფორმა უნდა იყოს შევსებული, ხელმოწერილი და დასკანერებული.
საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ოლიმპიადის მონაწილის ნაშრომს შეიძლება მოემატოს ქულა, დააკლდეს ან დარჩეს უცვლელი.
გაითვალისწინეთ, რომ აპელაციის შემდეგ მესამე ტურში გადამსვლელი ქულები შესაძლებელია შეიცვალოს.