ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილება შევიდა - მინისტრის ბრძანება ძალაშია
02-02-2022
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც დეტალურად განისაზღვრა კომპიუტერული ტექნოლოგიების - ზოგადი ნაწილი და სტანდარტები. 

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, სასწავლო პროცესში კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებას რამდენიმე მნიშვნელოვანი მხარე აქვს, კერძოდ:
  • ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას;
  • ხელს უწყობს შემოქმედებითობისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია პრობლემებზე დაფუძნებული კონსტრუქტივისტული საკლასო გარემოს შესაქმნელად;
  • კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია ისეთი თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება, რომლებიც საჭიროა ახალი ცნების, ობიექტისა და პროცედურის შემოტანისას. ამის მაგალითებია:

- არითმეტიკული მოქმედებები რიცხვებზე, როდესაც ამ მოქმედებების რეალიზაცია, ძირითადად, ხდება საგნობრივი თვალსაჩინოებების გამოყენებით (დაწყებით საფეხურზე);

-   ახალი სიტყვებისა და ფრაზების შესწავლა მშობლიურ თუ უცხოურ ენებში, როდესაც უცნობ სიტყვებსა და ფრაზებს მოსწავლეები უკავშირებენ შესაბამის გრაფიკულ გამოსახულებას;

- ისეთი ბუნებრივი მოვლენების სიმულაცია, რომლებზე დაკვირვებაც შეუძლებელია ან ძალზე რთულია რეალურ ვითარებაში.

  • „კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება ხელს შეუწყობს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარ-ჩვევების განვითარებას.“.  ასეთებია, მაგალითად:

- ვიზუალური თუ რაოდენობრივი კანონზომიერებების აღმოჩენის უნარი (კანონზომიერება საგანთა მიმდევრობაში, კანონზომიერება გრაფიკულ გამოსახულებაში, რაოდენობრივი ცვლილების კანონზომიერება);

- ობიექტთა ზომების დადგენისა და შეფასების უნარი;

- ინფორმაციის გააზრებისა და ერთი ფორმატიდან მეორეში გადაყვანის უნარი (მაგალითად: ტექსტური მასალისათვის გრაფიკული გამოსახულების შერჩევა და პირიქით; სიტყვიერად აღწერილი რაოდენობრივი ინფორმაციის გამოსახვა და პირიქით);

- სივრცული წარმოდგენის უნარი;

- თანამშრომლობითი უნარ-ჩვევები;

-  სამუშაო სივრცის მომზადებისა და საჭირო საშუალებების შერჩევის უნარი.

შემაჯამებელი დავალება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • შემაჯამებელი დავალებებიდან სემესტრში ერთი მაინც უნდა იყოს პროექტის სახის, რა დროსაც გამოყენებული იქნება სხვადასხვა აქტივობა (მაგ. გასვლითი სამუშაო, მონაცემების აღრიცხვა/დამუშავება, ინფორმაციის კვლევა/ძიება, ექსპერიმენტი, მოდელირება, ციფრული პროდუქტის შექმნა, პრეზენტაცია და ა.შ.);
  • შემაჯამებელი დავალება უნდა მოიცავდეს სტანდარტით გათვალისწინებულ თითქმის ყველა შედეგს;
  • დავალების თითოეულ ტიპს საჭიროებისამებრ უნდა ახლდეს შეფასების რუბრიკა, რომელიც უნდა დაზუსტდეს კონკრეტული დავალების პირობების გათვალისწინებით.
იხილეთ ბრძანების სრული ვერსია
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203