სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გრძელდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, რთული პანდემიური ვითარების მიუხედავად, საგანმანათლებლო დაწესებულებების დაკეტვის გადაწყვეტილება არ მიიღო. ძალაში რჩება შეთავაზება, რომლის თანახმადაც, მოსწავლეებს უფლება აქვთ, თავად აირჩიონ, დისტანციურად სურთ სწავლის გაგრძელება თუ საკლასო ოთახებში.
მიხეილ ჩხენკელის მოადგილის, თამარ მახარაშვილი თქმით, დისტანციური სწავლების ფორმატზე 314 სკოლაა გადასული. ონლაინ სწავლების მსურველთა რიცხვი ყოველკვირეულად იზრდება. თუ აქამდე კლასიდან რამდენიმე მოსწავლეს ჰქონდა არჩეული დისტანციური სწავლება, ამჯერად ონლაინ სწავლების ფორმატს მთლიანი კლასები ირჩევენ. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, იცვლება დისტანციური სწავლების ცხრილიც და „ონლაინ კლასების“ პედაგოგებიც.
თუ კლასი დისტანციურ სწავლებაზე მთლიანად გადავა, „ონლაინ კლასებში“ (პარალელური კლასების მოსწავლეებისგან შემდგარი ჯგუფი ონლაინ სწავლების დროს) მყოფი მოსწავლეები თავის კლასს უნდა შეუერთდნენ. „ონლაინ კლასებში“ შესაძლებელია მოსწავლეებს გაკვეთილს სხვა პედაგოგი უტარებდეს და არა ის, ვინც სკოლაში ასწავლის, ხოლო მაშინ, როდესაც კლასი სრულად გადადის დისტანციურ სწავლებაზე, მათ გაკვეთილებს თავიანთი მასწავლებლები უტარებენ.
მასწავლებელი, რომელსაც „ონლაინ ჯგუფი“ დაეშლება იმ მიზეზით, რომ ბავშვები თავიანთ კლასს შეუერთდებიან, დისტანციური გაკვეთილებისთვის განკუთვნილ დანამატს ვეღარ მიიღებს. ასევე ვერ მიიღებს ონლაინ გაკვეთილების ანაზღაურებას ის პედაგოგი, რომელიც კლასიდან ერთ ან რამდენიმე მოსწავლეს ასწავლის და მათ კლასი მთლიანად შეუერთდება ანუ დისტანციურ სწავლებაზე სრულად კლასი გადავა და არა ერთეული მოსწავლეები. შეგახსენებთ, რომ პედაგოგს თითოეულ ონლაინ გაკვეთილში ხელფასის სახით 7 ლარი ერიცხება.