სამინისტრომ სკოლებს ინფიცირებული მოსწავლეების აღრიცხვა დაავალა, მშობლები კი ინფორმაციას მალავენ
07-02-2022

ქვეყანაში ეპიდემიური მდგომარეობა გართულდა. კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეების რიცხვი ყოველდღიურად 20 000 -ზე მეტია. ამ ფონზე სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში მიმდინარეობს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბოლო მონაცემებით, სრულად დისტანციურ სწავლებაზე 672 სკოლა გადავიდა. ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსი მასწავლებელთა 5,8%-ს დაუდასტურდა. სამინისტრომ ასევე გამოაქვეყნა მოსწავლეების მონაცემებიც, გასულ კვირას კოვიდინფიცირებული მოსწავლეების რიცხვი 2,1% იყო. სტატისტიკაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, როდესაც საქმე მასწავლებლებს ეხებათ, რადგან პედაგოგებს გეგმიური ტესტირება უტარდებათ და მარტივია გაგება, რეალურად რამდენი მასწავლებელია ინფიცირებული, რასაც ვერ ვიტყვით მოსწავლეებზე.

ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, კლასი იმ შემთხვევაში გადადის დისტანციურ სწავლებაზე, თუ რომელიმე მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდება და ის ბოლო 48 საათის განმავლობაში სკოლაში იმყოფებოდა. ასეთი მოსწავლეების აღრიცხვა ხდება, ეპიდემიოლოგები მათი სახელითა და გვარითაც ინტერესდებიან, თუმცა აქამდე ყურადღების მიღმა რჩებოდნენ ის მოსწავლეები, ვინც ინფიცირებულები იყვნენ, თუმცა სკოლაში არ იმყოფებოდნენ ვირუსის დადასტურებამდე 48 საათის განმავლობაში. ასევე ბევრია მოსწავლე, ვისი ოჯახის წევრიც ინფიცირებულია, ბავშვს სიმპტომები აქვს, თუმცა ტესტს არ უკეთებენ.

კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვნად გაზრდის შემდეგ სამინისტრომ სკოლებს ინფიცირებული მოსწავლეების აღრიცხვა დაავალა, მშობლები კი ინფორმაციას მალავენ. თითოეულ სკოლაში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელს ეპიდემიოლოგი აკვირდება და მიღებული ინფორმაციის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას, სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდეს თუ არა.

დამრიგებლებს ინფორმაციის დადგენა უჭირთ, რამდენი მოსწავლეა კოვიდინფიცირებული. გაცდენის შემთხვევაში მოსწავლეთა ნაწილი ტყუილ მიზეზებს ასახელებს. კიდევ უფრო უარესი, სკოლაში დადიან ბავშვები, რომელთა ოჯახის წევრებიც ინფიცირებულები არიან. მასწავლებლები ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციას ვერ იგებენ თუ თავად მშობელმა ან მოსწავლემ არ თქვა.

„უბრალოდ, ყელი სტკიოდა“, „გარეთ თამაშობდა და შესცივდა“, „სურდო აქვს, თუმცა სერიოზული არაფერია“ - ასეთია მშობელთა პასუხები, მასწავლებლის მოთხოვნის შემდეგ კი, წარმოადგინონ ტესტის პასუხი, ბავშვს სკოლაში ერთი ან ორი კვირის განმავლობაში არ უშვებენ. მშობელთა ნაწილი ასევე მალავს ინფორმაციას, როცა ბავშვს ერთი დღით ტემპერატურა აუწევს, თუმცა სხვა სიმპტომი არ აქვს, ასეთ დროს ძნელია, პედაგოგი მიხვდეს, რომ კლასში კოვიდინფიცირებული მოსწავლე უზის. აქედან გამომდინარე, მოსწავლეთა ინფიცირების სტატისტიკა რეალობას არ შეესაბამება. მიუხედავად სამინისტროს და სკოლების მცდელობისა, აღნიშნული საკითხი მშობელთა პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203