მთავრობის გადაწყვეტილებით, იანვრიდან სკოლის ადმინისტრაციისა და ტექნიკური პერსონალის ხელფასი 10%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ მომატებული თანხა მცირეა, დირექტორების ნაწილი ამბობს, რომ ადმინისტრაციისთვის ხელფასის მოსამატებლად ბიუჯეტი არ ყოფნით.
როგორ შეუძლია სკოლას, რომ გაზარდოს ბიუჯეტი? რა პროცედურები უნდა გაიაროს სკოლამ იმისთვის, რომ გაზრდილი ხელფასი გასცეს? შეიძლება თუ არა ზედმეტი თანხების მოსაზიდად ეკონომიკური საქმიანობა საგანმანათლებლო დაწესებულებაში?
ზოგადი განათლების შესახებ კანონში აღნიშნულია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაზრდილი ვაუჩერის ოდენობითა და დამატებითი დაფინანსებით უნდა უზრუნველყოფდეს საჯარო სკოლის მასწავლებლების, დირექციისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის შრომის შესაბამის ანაზღაურებას. შესაბამისად, ადმინისტრაციისთვის განკუთვნილი, გაზრდილი ხელფასისთვის თანხა სკოლამ სამინისტროსგან უნდა მიიღოს.
საჯარო სკოლა უფლებამოსილია ასევე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღოს დამატებითი დაფინანსება გაზრდილი ვაუჩერის სახით ან/და სამინისტროს მიერ დამტკიცებული შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში.
გარდა ამისა, დოკუმენტში განმარტებულია, რომ საჯარო სკოლას უფლება აქვს მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, მათ შორის, მიიღოს შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობით, თუ ეს საქმიანობა არ არის სახიფათო ჯანმრთელობისათვის და არ ახდენს მავნე ზეგავლენას მოსწავლეთა ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებაზე. მიღებული სახსრები კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.