პატარა ფიზიკოსის დიდი მიღწევები -  ნიკოლოზ ფანქველაშვილი
04-02-2022
ნიკოლოზ ფანქველაშვილი 19 წლის ახალგაზრდაა, რომელმაც სულ რაღაც ორი ათეული წლის მანძილზე უამრავ წარმატებას მიაღწია. ის იმ ქართველი გოგო-ბიჭების რიგებშია, რომლებიც ქვეყნის წარმატებულ მომავალს ქმნიან და თავიანთი მიღწევებით არაერთ სიკეთეს მოუტანენ ჩვენს სამშობლოს. ნიჭიერებითა და შრომისმოყვარეობით გამორჩეულმა ახალგაზრდამ სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. STEM დარგების მიმართ ინტერესი ბავშვობიდანვე გამოავლინა, შესაბამისად, სკოლის პერიოდში განსაკუთრებულად ფიზიკა და მათემატიკა უყვარდა. იტაცებს კომპიუტერული თამაშები, ფეხბურთის ყურება.
კომპიუტერულ მეცნიერებას პირველად მე-7 კლასში შეეხო. სკოლაში შეისწავლა C++-ის საფუძვლები და მარტივად აუღო ალღო. ამის შემდეგ დამოუკიდებლად გააგრძელა სხვადასხვა დაპროგრამების ენის შესწავლა. საბოლოოდ, აბიტურიენტობის პერიოდში ფიზიკას კომპიუტერული მეცნიერება ამჯობინა და გადაწყვიტა მას გაჰყოლოდა.
KIU-ში კომპიუტერული მეცნიერების პროგრამაზე 100%-იანი სახელმწიფო გრანტით ჩაირიცხა. განსაკუთრებული მიღწევებისა და წარმატებების შედეგად, უნივერსიტეტისგან კამპუსში ცხოვრების დაფინანსება და ყოველთვიური სტიპენდიაც მოიპოვა.

ნიკოლოზი გახლავთ ადგილობრივი ოლიმპიადების მრავალგზის გამარჯვებული. 2018 წელს გაიმარჯვა ფიზიკის ოლიმპიადაში (Phystech. International). მრავალჯერ მოხვდა ფიზიკისა და მათემატიკის ეროვნული ოლიმპიადების ფინალურ ეტაპზე. საუკეთესო შედეგი 2019 წელს აჩვენა, როდესაც ფიზიკის ეროვნულ ოლიმპიადაზე მოწინავე ადგილი დაიკავა. არის ბაქსვუდის საზაფხულო სკოლის,  KIU -Day Math Contest-სა (2021 წელი) და მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურის „M-ვექტორი“(წარმოებული) გამარჯვებული.

ყველაზე დიდი წარმატება ნიკოლოზს 2019 წელს ფიზიკის ეროვნულ ოლიმპიადაში მიღწეულმა შედეგმა მოუტანა. ამის წყალობით მოხვდა ბაქსვუდის საზაფხულო ბანაკში. ბანაკში გამარჯვების შემდეგ კი, თანატოლებთან ერთად გაემგზავრა ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში CERN.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით ახალგაზრდების ჯგუფი ქალაქ ჟენევას ესტუმრა. 

“CERN-ში ვიზიტისას დავესწარით უცხოელი მეცნიერების ლექციებს, მოვინახულეთ ლაბორატორიები, გავეცანით მათ სამუშაო პროცესს და CERN-ის შექმნის ისტორიას. საშუალება გვქონდა დაგვეთვალიერებინა Antimatter Factory. გარდა ამისა, შევხვდით იქ მომუშავე ქართველ მეცნიერებს, რომლებმაც სპეციალურად ჩვენთვის რამდენიმე ლექცია წაიკითხეს და უფრო დეტალურად დაგვათვალიერებინეს უზარმაზარი კვლევითი ცენტრი. მათივე დამსახურებით საშუალება გვქონდა გვენახა დიდი ადრონული კოლაიდერის (LHC) ერთ-ერთი დეტექტორი CMS (Compact Muon Solenoid), რომელიც საფრანგეთში მიწის ქვეშ, თითქმის 100 მეტრის სიღემეზე მდებარეობს. ამ ყველაფერმა ჩვენზე უზარმაზარი გავლენა იქონია და დიდი გამოცდილება მივიღეთ“, - აცხადებს სტუდენტი.

უნივერსიტეტისა და პროფესიის არჩევისას ბევრი არ უფიქრია. 2021 წელს მიეცა შესაძლებლობა, KIU-ში ადგილზე გაცნობოდა საუნივერსიტეტო ცხოვრებას და საკუთარი თვალით ენახა კამპუსი. ამ ყოველივემ მასზე დიდი გავლენა იქონია. მიაჩნია, რომ ისეთ გამოცდილებას, როგორსაც KIU-ში მიიღებს სხვა ვერც ერთი უნივერსიტეტი ვერ მიცემს საქართველოში. 
„ვთვლი, რომ ეს უნივერსიტეტი საუკეთესო საშუალებაა საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად. KIU-ში გვიწევს ქართველ და უცხოელ ლექტორებთან ურთიერთობა, რაც საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. ასეთი ურთიერთობები უკეთესი მომავლისკენ გვიხსნის კარს. ამასთანავე, ვეჩვევით კამპუსზე დამოუკიდებლად ცხოვრებას. KIU-ში გატარებული ერთი სემესტრის შემდეგ, შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ ამ უნივერსიტეტმა ჩემი მოლოდინი გაამართლა“, - აღნიშნავს ნიკოლოზი.

რაც შეეხება ახალგაზრდა ბიჭის სამომავლო გეგმებს, ამ ეტაპზე სურს, რომ მიიღოს კვალიფიციური ცოდნა და დააგროვოს შესაბამისი გამოცდილება. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203