„ინდივიდუალური შეფასების სისტემის არსებობა არ არის მიზანშეწონილი“ - ცვლილებას პარლამენტი განიხილავს
07-02-2022

განათლების სამინისტრომ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც ზოგადი განათლების კანონში ცვლილებებს ეხება და ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებებისთვის საგანამანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის და სკოლების ბრენდირების გაუქმებას ითვალისწინებს.

ცვლილების თანახმად, კანონიდან უნდა ამოიღონ სკოლების ბრენდირების დეფინიცია, რადგანაც როგორც ცვლილების ავტორები განმარტავენ, არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინდივიდუალური შეფასების სისტემის არსებობა არ არის მიზანშეწონილი. რაც შეეხება ბრენდირების პროცესს, ის ორინეტირებული უნდა იყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე. ამასთან, ბრენდირების არსებული პრაქტიკა არ უზურნველყოფდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომის ჩამოყალიბებას.

„აღნიშნულის შესაბამისად, არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე სკოლების ინდივიდუალური შეფასების სისტემის არსებობა არ არის მიზანშეწონილი“, - ვკითხულობთ კანონპროექტში.

ცვლილების საფუძველზე, სკოლებს, რომლებიც ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურზე ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს ახორციელებენ უცხოურ ენაზე, უფლება ექნებთ, განსაზღვრონ კანონით განსაზღვრული სასწავლო წლებისგან განსხვავებული წლები, იმ პირობით, რომ საბაზო და საშუალო საფეხურზე უცხოურ ენაზე განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების სწავლების წლების ჯამური ოდენობა არ იქნება 6 წელზე მეტი ან ნაკლები.

ცვლილების საფუძველზე, ზოგადი განათლების სფეროში სამინისტროს უფლებამოსილების ნაწილში კონკრეტდება, რომ სამინისტრო შეიმუშავებს ზოგადი განათლების სისტემის ხარისხის უზრუნველყოფის ინდიკატორებს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მიეცემა უფლება ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა განახორციელოს გრიფმინიჭებული და/ან ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი, სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოებით. სახელმძღვანელოს სამინისტროსთან შეთანხების წესი და ვადები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტთან ერთად, ითვალისწინებს აკრედიტაციის ინსტიტუტის გაუქმებას და მის ნაწილობრივ ინტეგრაციას ავტორიზაციის ინსტიტუტში. კერძოდ, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები ეხება სკოლის ფილოსოფიას, სასკოლო კურიკულუმს; სასწავლო პროცესის ადმინისტრაციულ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას;  მოსწავლეთა მხარდაჭერას.

„აღნიშნულის შესაბამისად, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს არა მხოლოდ ინსტიტუციური პროცესების, არამედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამის ხარისხი, ზოგადი განათლების ნაწილში უნდა გაუქმდეს აკრედიტაცია და პროგრამის ხარისხი გახდეს ავტორიზაციის სტანდარტის ნაწილი, ვინაიდან პროგრამული სტანდარტი ორიენტირებულია სასკოლო კურიკულუმის ხარისხის შეფასებაზე. აღნიშნული მოგვცემს შესაძლებლობას სრულფასოვნად შეფასდეს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხი. თითოეული სტანდარტი კანონქვემდებარე აქტებში ჩაიშლება კომპონენტებად, რომლებიც დაეფუძნება შესრულების შესაბამის ინდიკატორებსა და მტკიცებულებებს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ახალი სტანდარტები გაითვალისწინებს ზოგადი განათლების სპეციფიკას, შესაბამისობაში იქნება ახალი სკოლის მოდელის კონცეფციასთან, გაძლიერებულ აქცენტს გააკეთებს დაწესებულების მენეჯმენტსა და მოსწავლეთა უფლებების დაცვის საკითხზე. სასწავლო კურიკულუმის, როგორც შეფასების ცალკე კომპონენტის დანერგვით, აღარ არსებობს აკრედიტაციის აუცილებლობა, რადგან აკრედიტაციის ფარგლებშიც მოქმედი კანონმდებლობა სწორედ სასწავლო პროგრამებისა და მათი განხორციელების პროცესის შეფასებას ითვალისწინებს.

კანონპროექტს თავდაპირველად განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი 1-ელი მოსმენით განიხილვას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203