სკოლის პერსონალი და მასწავლებლები სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პირები არიან. მათ, ვინც ორჯერადადაა აცრილი ორ კვირაში ერთხელ ტესტირება PCR მეთოდით უკეთდება, ერთხელ აცრილებსა და აუცრელებს კი კვირაში ერთხელ სწრაფ ტესტს უკეთებენ.
კორონავირუსის შემთხვევების ზრდის პარალელურად სკოლების ნაწილი ღიაა, ნაწილი კი სწავლებას დისტანციურ ფორმატში განაგრძობს. მიუხედავად დაკეტილი სკოლებისა, მასწავლებლებს გეგმიური ტესტირება შეუფერხებლად უტარდებათ.
საქართველოს მთავრობის 975-ე განკარგულებით კი სკოლებს, სადაც სწავლება სრულად დისტანციურ რეჟიმზეა, სავალდებულო ტესტირებაზე უარის თქმის უფლება აქვთ.
„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირებს განეკუთვნებიან:
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე: ა) სრულად (Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზით) ვაქცინირებული პირები – ყოველ 14 დღეში ერთხელ პჯრ მეთოდით; ბ) არასრულად ვაქცინირებული (Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მხოლოდ 1 დოზით) და/ან აუცრელი პირები – ყოველ 7 დღეში ერთხელ ანტიგენის სწრაფი ტესტით, რომელიც შესაძლებელია, უზრუნველყოფილ იქნეს სკოლის ექიმის და/ან ამ მიზნით სპეციალურად გადამზადებული სხვა პერსონალის მიერ (იმ პირობით, რომ პერსონალის გადამზადება განხორციელდება ეროვნული ცენტრისა და მუნიციპალური სჯდ ცენტრების მიერ, ტესტებითა და საკვლევი ნიმუშის ასაღები მასალებით მომარაგდებიან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხოლო ჩატარებული ტესტების თაობაზე ინფორმაცია დარეგისტრირდება შესაბამისი სკოლის პერსონალის მიერ ტესტის ჩატარებიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში). გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევები, როდესაც არსებობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შუამდგომლობა ტესტირების განხორციელების შეუძლებლობის შესახებ ან დაწესებულებაში მომუშავე პირები სარგებლობენ დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.