საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისმა კომისიამ განსაზღვრა საკონკურსო პირობები, რომლის მიხედვითაც პენსიებისა და საპენსიო სესხების გამცემი ბანკი შეირჩევა. კომისიის სხდომაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მომავალი ერთი თვის განმავლობაში შეირჩევა ბანკი, რომელიც ახალი პირობებით გაცემს პენსიებს და სესხებს საპენსიო უზრუნველყოფით.
კომისიის წევრებმა ასევე იმსჯელეს იმ საპროცენტო განაკვეთზე, რომელსაც პენსიონერები პენსიებით უზრუნველყოფილ სესხებზე იღებენ. კომისიის გადაწყვეტილებით, საპენსიო გასაცემლებით უზრუნველყოფილი სესხის მაქსიმალური ზღვარი დღევანდელი მოცემულობით 26% იქნება, რომელიც მომავალში, ინფლაციის დასტაბილურების შესაბამისად, შესაძლოა, კიდევ უფრო შემცირდეს.
ვიცე-პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ კონკურსში ბანკების მხრიდან მაღალი კონკურენცია იქნება, რაც უზრუნველყოფს პენსიონერების უფლებების დაცვას და მათთვის მაქსიმალურად მისაღები პირობების შეთავაზებას.