პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის ვადა 25 მარტამდე გახანგრძლივდა. შესაბამის ბრძანებას ხელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მოაწერა და უკვე ძალაშია.
რეგისტრაციის თარიღის გარდა, „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში რამდენიმე ცვლილებაც განხორციელდა, მათ შორის დოკუმენტს დაემატა რამდენიმე პუნქტი.
კერძოდ, თუ აპლიკანტს რეგისტრაციისას რამდენიმე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აქვს არჩეული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში, სარეგისტრაციო სისტემაში ირჩევს მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიდან ერთ-ერთს, რომელზეც მოიპოვა ჩარიცხვის უფლება და დაწესებულებაში წარადგენს აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის დაწესებულების მიერ განსაზღვრულ დოკუმენტებს.
თუ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებისთვის შერჩევა დაწესებულების შეფასებასთან ერთად ითვალისწინებს ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებასაც, საბოლოო შედეგის გაანგარიშების მიზნით, მართვის სისტემა უზრუნველყოფს ტესტირებისა და დაწესებულების შეფასების შედეგების განთავსებას ერთიან სკალაზე, მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მეთოდით. თითოეული შეფასების შედეგის ხვედრითი წილი საბოლოო შედეგის გაანგარიშებისას არის 50%.
საშუალო პროფესიულ პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად, შესაძლებელია დაწესებულების მიერ მოთხოვნილი იყოს ტესტირების გავლა აკადემიურ უნარებში.
პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვის დასრულების შემდეგ, დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით გამოცხადებული მიღების ფარგლებში, გარდა იმ პროგრამებისა, რომლებზეც შერჩევა ხორციელდება ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების გზით რეგისტრაციის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამაზე დაშვების წინაპირობას.