საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილება კანონში, რომელიც ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს ეხება და მათი ავტორიზაციის ვადების გადაწევას ითვალისწინებს. კანონში ცვლილებებს, პარლამენტმა მესამე მოსმენით, 77 ხმით დაუჭირა მხარი.
ცვლილების თანხმად აღნიშნული კანონმდებლობის მუხლები, რომლებიც ავტორიზაციის ვადებს ეხებოდა ყალიბდება ახალი რედაქციით. კერძოდ, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის მიზნით, გარდამავალ პერიოდად განისაზღვრება ვადა 2030 წლის 1 იანვრამდე. გარდამავალ პერიოდში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციას განახორციელებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
გარდამავალ პერიოდში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დამტკიცდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის, აგრეთვე, დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესი და პროცედურები (შემდგომში - დროებითი წესი).
2022 წლის 1 ივლისამდე უნდა შეიქმნას ელექტრონული სისტემა დაწესებულებათა პირველადი რეგისტრაციის მიზნით. დაწესებულება, რომელიც 2022 წლის 1 ივლისამდე საქმიანობს ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სახით და რომელსაც სურს ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვება, ვალდებული იქნება 2022 წლის 1 ივლისიდან არაუგვიანეს 2023 წლის 1 იანვრამდე გაიაროს რეგისტრაცია.
ასევე ცვლილების თანახმად საჯარო და კერძო ბაღები და ადრეული აღზრდის დაწესებულებები, რომლებიც ელექტრონულ სისტემაში იქნებიან რეგისტრირებული, ვალდებულნი არიან წარმოადგინოს თვითშეფასება 2024 წლის 1 იანვრმდე. დაწესებულება, რომელიც არაუგვიანეს 2024 წლის 1 იანვრისა არ წარადგენს თვითშეფასებას ან ავტორიზაციის განაცხადს, გაუუქმდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით საქმიანობის უფლება. ხოლო 2024 წლის 1 ოქტომბრამდე დადგინდება ავტორიზაციის გავლის გრაფიკი.
აქამდე არსებული ჩანაწერით, 2019 წლის 1 აპრილიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე თითოეულ მუნიციპალიტეტს კანონის შესაბამისად უნდა უზრუნველეყო ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებას და ეტაპობრივი ავტორიზაცია, ასევე ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში მუნიციპალიტეტის საკრებულოებს უნდა უზრუნველეყო სამოქმედო გეგმების შემუშავება მათ ტერიტორიაზე მოქმედი დაწესებულებების მიერ შესაბამისი მოთხოვნების თავსებადობის ეტაპობრივად მისაღწევად.