კომპლექსური დავალების სრულად ჩანაცვლება მშობელს შეუძლია - სამინისტროს განმარტება
15-02-2022

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ზოგადი განათლების რეფორმის დეპარტამენტი სკოლებს მშობლებთან კომუნიკაციის და მათთვის სფეროში არსებული რეფორმების შესახებ ინსტრუქციებს აძლევს.

რა გზებით შეუძლია სკოლას მშობლების ინფორმირება განათლების რეფორმის შესახებ? - სკოლებს თავად შეუძლიათ შეარჩიონ მშობლებთან კომუნიკაციის ფორმა, რომელიც უფრო ეფექტური იქნება მათთვის. ამ მხრივ მკაცრი მითითებები არ არის, თუმცა აპრობირებულ პრაქტიკებს შორის შეიძლება დავასახელოთ:

ელექტრონული ჟურნალი, როდესაც მშობლებს მესიჯების სახით მისდით ინფორმაცია მათი შვილის გაკვეთილებზე დასწრების, აკადემიური მიღწევებისა და სასწავლო პროცესში გამოკვეთილი გამოწვევების შესახებ. ელექტრონული ჟურნალის ფუნქციონალი მშობლებს წარმოდგენას უქმნის არა მხოლოდ შვილების მოსწრებაზე, არამედ განათლების რეფორმის მთავარ აქცენტებზეც.

შეხვედრები მშობლებთან, ინდივიდუალური შეხვედრები - საჯარო სკოლებში გავრცელებული პრაქტიკაა კლასის მშობლების მოწვევა გარკვეულ საკითხზე. ეს ფორმატი სკოლებს შეუძლიათ განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი ასპექტების განსახილველადაც გამოიყენონ.

საინფორმაციო შეხვედრა - გავრცელებული პრაქტიკაა ასევე მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრის მოწყობა მთელი სკოლის მასშტაბით.

ჯგუფები სოციალურ ქსელში - ხშირი კომუნიკაციისთვის ასევე შეიძლება ეფექტურად იქნას გამოყენებული ფეისბუქ-ჯგუფები და სხვა ქსელები.

თუმცა, მშობელთა ჩართულობაზე საუბრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა კომუნიკაციის ფორმას, არამედ შინაარსს. შინაარსობრივ საკითხებზე ორიენტირებას ხელს უწყობს სასკოლო კურიკულუმის იდეა.

სასკოლო კურიკულუმი განათლების რეფორმის ფარგლებში გრძელვადიან მიზნებს (ანუ რისთვის უნდა ისწავლებოდეს ესა თუ ის საგანი) სამინისტრო ცენტრალიზებულად განსაზღვრავს, შუალედურ მიზნებს (ანუ კომპლექსურ დავალებებს) სკოლა თავად აკონკრეტებს საკუთარი მოსწავლეების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესაბამისად. სასკოლო კურიკულუმი წარმოაჩენს, კონკრეტული კლასის კონკრეტულ საგანში რომელი კომპლექსური დავალებების განხორციელება დაევალებათ მოსწავლეებს წლის განმავლობაში.

სასკოლო კურიკულუმს, როგორც წესი, სასწავლო წლის დასაწყისში ადგენენ, თუმცა სკოლას მასში რეგულარულად შეაქვს ცვლილებები სასწავლო პროცესის განმავლობაში, მაგალითად, ადაპტირდება, ხან კი მთლიანად იცვლება კომპლექსური დავალება, ხდება ინტეგრაციის არეალის გამოკვეთა საგნებს შორის. კურიკულუმის შემუშავებისა და განვითარების ამ პროცესში მშობლებიც შეიძლება ჩაერთონ; კერძოდ, მათ შეუძლიათ გაეცნონ, თუ რა დავალებების შესრულება ევალებათ მათ შვილებს წლის განმავლობაში ამა თუ იმ საგანში, დასვან შეკითხვები, გააკეთონ შეთავაზებები, რომლებიც უფრო მეტად დაუახლოვებს დავალებებს მათი შვილების ინტერესებსა და შესაძლებლობებს. მაგალითად თუ მშობელი ხედავს, რომ კომპლექსური დავალება ზედმეტად მარტივია, ან ზედმეტად რთულია, მას შეუძლია მოითხოვოს დავალების მოდიფიკაცია, ან მისი სრულად ჩანაცვლება სხვა დავალებით. ასეთი ქმედების შედეგად მშობლები სწავლა-სწავლების პროცესის უშუალო მონაწილეები გახდებიან, რაც დადებით გავლენას მოახდენს არა მხოლოდ მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე, არამედ სასკოლო კულტურის განვითარებაზეც.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203