სინგაპურში სკოლამდელი აღზრდის როლია ბავშვის მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლისთვის მომზადება. სინგაპურელი პედაგოგები ყურადღებით აკვირდებიან თითოეულ ბავშვს, რომ შექმნან სასწავლო პროგრამა, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება აღსაზრდელის შესაძლებლობებსა და საჭიროებებს. თუ რას და როგორ ასწავლიან სინგაპურში სკოლამდელი ასაკის ბავშვებს - წაიკითხეთ სტატიაში.
ქვეყნის სკოლამდელი განათლების სტანდარტში გაწერილია, რომ ბავშვებმა სამყაროს შეცნობითა და გარესამყაროზე დაკვირვებით სიამოვნება უნდა მიიღონ. პატარებს მოსწონთ ყველაფრის შესწავლა, ამიტომ სწორედ ამ ბუნებრივ უნარზე უნდა დაფუძნდეს განათლება. უპირველეს ყოვლისა ბავშვებმა თავი უნდა იგრძნონ ბედნიერად, რადგან ამის გარეშე ეფექტურ სწავლებაზე საუბარიც ვერ იქნება.
სკოლამდელი სწავლების სასურველ შედეგად სტანდარტი ასახელებს:
- მყარ მორალურ და სოციალურ ღირებულებებს;
- სხვებთან მუშაობისა და თამაშის უნარს;
- თვითშეგნებასა და თავდაჯერებულობას;
- ძლიერ ინტერესს გარესამყაროს მიმართ;
- ინგლისურ და მშობლიურ ენებზე ეფექტური კომუნიკაციის უნარს;
- ფიზიკურ კონტროლსა და მანიპულაციურ უნარებს (ფიზიკური განვითარება, სხეულის მართვისა და თავის მოვლის უნარები).
- პოზიტიურ დამოკიდებულებას ცხოვრების ჯანსაღ წესთან;
- ოჯახური ღირებულებებს და სხვა კავშირებს საზოგადოებასთან.
სინგაპურის ბაღების მთავარი მიზანია - ასწავლოს ბავშვებს ფიქრი, ინფორმაციის გაანალიზება და საკუთარი გრძნობებისა და მოთხოვნების გააზრება. სწავლება კი, პირველ რიგში, მიმართულია მეტყველების უნარის განვითარებისკენ.
სკოლამდელი განათლების პრინციპები სინგაპურში
ქვეყანაში მიაჩნიათ, რომ თითოეულ ბავშვს პოტენციალის გასახსნელად ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. სწორედ ამის საფუძველზე უნდა იყოს სწავლება ეფექტური.
ასე, სკოლამდელი ასაკის ბავშვები სინგაპურში გამოცდილებას იძენენ 6 ძირითად სფეროში:
- ესთეტიკა და შემოქმედება (ბავშვებს შეუძლიათ გამოხატონ გრძნობები და იდეები);
- გარემოსდაცვითი ცნობიერება (ბავშვები აკვირდებიან გარემოს და დასკვნების გაკეთებას სწავლობენ);
- ენა და წიგნიერება (პოპულარულია როლური თამაშები, სიმღერა, კითხვა);
- მოტორული უნარების განვითარება;
- მათემატიკა (ბავშვები სწავლობენ სიმბოლოების, რიცხვების გამოყენებას და ფიგურების დასახელებას და ა.შ.)
- თვითშეგნება (საზოგადოებრივი ღირებულებებისა და წესების გააზრება და დაცვა).
კომპლექსური სწავლება
სინგაპურში სკოლამდელი სწავლება არის ინტეგრირებული და ინტერდისციპლინური, რაც საშუალებას იძლევა ბავშვებმა ისწავლონ არა მხოლოდ ცალკეული თემები არამედ მათი ურთიერთკავშირი.
მოსმენა და მხარდაჭერა
ზრდასრულების ყურადღება მიმართულია ბავშვების ინტერესებისა და მოთხოვნებისკენ. სინგაპურელებს მიაჩნიათ, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს რაიმე ახალის შესწავლისას უნდა მივცეთ თავისუფლება, ამასთან, შემეცნება მათთვის სასიამოვნო უნდა იყოს. ზრდასრულის მოლოდინები და მოთხოვნები ბავშვის ინდივიდუალურ ხასიათს უნდა დაეყრდნოს. აღმზრდელი მხოლოდ მიმართულებას აძლევს, ბავშვი კი ძიებაშია და შეცდომების დაშვების უფლებაც აქვს.
სწავლა ურთიერთქმედებითა და თამაშით
ყურადღებით მოსმენა, გაგება და თანაგრძნობა - ურთიერთქმედების საფუძველია. ამასთან, ეს ყველას ეხება: ბავშვები სწავლობენ თანატოლებისა და უფროსების მოსმენასა და საკუთარი აზრის გამოთქმას, ზრდასრულებიც ასეთივე ყურადღებით უგდებენ ყურს აღსაზრდელის აზრს.
კიდევ ერთი კარგი ინსტრუმენტი ბავშვის განვითარებისა და მისი შემოქმედებითი უნარების წარმოჩენისთვის არის თამაში. ის ეხმარება ბავშვს არჩევანის გაკეთებაში, გრძნობების გამოხატვაში, ენობრივი ცოდნის სრულყოფაში და ა.შ.
როგორ ასწავლიან სკოლამდელი ასაკის ბავშვებს?
ყველაფერი ბავშვის ინდივიდუალურობით იწყება. პატარების სწავლება არ არის დაჩქარებული და მთელი ჯგუფისგან არ ითხოვენ დავალების ერთ დონეზე შესრულებას. ბავშვის სხვასთან შედარება არ შეიძლება.
აღმზრდელები უნდა დააკვირდნენ ბავშვს, რომ დროულად ჩაერთონ სწავლის სირთულეების არსებობის შემთხვევაში.
აღმზრდელებმა უნდა შექმნან გარემო, რომელშიც ბავშვები თავს დაცულად და დაფასებულად გრძნობენ და აქტიურად არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში. ბავშვების წახალისება და მოტივაცია კი სინგაპურის სკოლამდელ დაწესებულებებში ერთ-ერთი უმთავრესია.