ფსიქოლოგებმა გამოცდა ჩააბარეს, თუმცა სკოლაში ვერ საქმდებიან - ვის უზღუდავს კანონი სპეციალურ მასწავლებლად დასაქმებას
20-02-2022

უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა 2021 წლის ზაფხულში პირველად ჩატარდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდაზე გასვლის საშუალება ყველა მსურველს მისცა, თუმცა გამოცდის წარმატებით ჩაბარება დასაქმების ხელშემწყობი არ აღმოჩნდა.

განათლებით ფსიქოლოგებისთვის, რომლებმაც უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ჩააბარეს, ერთი შეხედვით სკოლაში დასაქმება შეზღუდული არ უნდა იყოს, მით უფრო, რომ წლების წინ მათ აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის უფლება ჰქონდათ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამჯერად კანონი სპეციალურ მასწავლებლად დასაქმების უფლებას ნებისმიერ პირს არ აძლევს.

უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩაბარების შემდეგ სკოლაში დასაქმების შანსი მხოლოდ მათ აქვთ, ვინც ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

  • უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული ან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული;
  • უნდა ჰქონდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა;
  • უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, სპეციალურ მასწავლებლად/მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიაროს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა;
  • უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა.
შეიძლება გაჩნდეს კითხვა, ფსიქოლოგის განათლების მქონე პირი რატომ უნდა მუშაობდეს სპეციალურ მასწავლებლად მაშინ, როდესაც სკოლაში ფსიქოლოგის შტატიც არსებობს? უნდა აღინიშნოს, რომ ანაზღაურებებს შორის დიდი განსხვავებაა, ფსიქოლოგის შტატი სკოლის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მნიშვნელოვნად მცირეა, სპეციალურ მასწავლებლებს კი სტატუსის დანამატს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უხდის.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203