საგაზაფხულო არდადეგები ვადაზე ადრე დაიწყება?- განათლების სამინისტრო აქტუალურ კითხვას პასუხობს
17-02-2022

საგაზაფხულო არდადეგების თარიღის ცვლილებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვები მას შემდგომ გაჩნდა, რაც ჯანდაცვის ექსპერტმა, დევი ტაბიძემ განაცხადა, რომ სასწავლო პროცესი ადრე უნდა შეჩერდეს, რადგან სკოლებში რთული ვითარებაა. თუმცა, როგორც განათლების სამინისტროში etaloni.ge-ს განუცხადეს, არდადეგების თარიღის ცვლილება არ იგეგმება და სკოლების დახურვის საჭიროებას  ვერც ჯანდაცვაში ხედავენ. 

ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ სკოლებში სასწავლო პროცესის სრულად დისტანციურად გადასვლასთან, ასევე, კორონავირუსის პრევენციის მიზნით სკოლებთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას იღებს უწყებათაშორისი საბჭო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა რეკომენდაციების საფუძველზე.

„სამინისტრო სრულად მართავს სიტუაციას სკოლებში. მოქმედი პროტოკოლის შესაბამისად, კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენისთანავე, ეპიდემიოლოგის რეკომენდაციის საფუძველზე, შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სკოლა ან ცალკეული კლასი მყისიერად გადადის სწავლების დისტანციურ რეჟიმზე.

შესაბამისად, საგაზაფხულო არდადეგების დაგეგმილზე ადრე გამოცხადების საჭიროება არ არსებობს და აღნიშნული საკითხი ჯანდაცვის სფეროს მხრიდან დღის წესრიგში არ დამდგარა.“, - განგვიცხადეს განათლების სამინისტროში. 

შეგახსენებთ, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საგაზაფხულო არადადეგები 8 მარტიდან იწყება და 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. 

იხილეთ: „ცოტა ადრე შევწყვიტოთ სწავლა და გადავიდეთ არდადეგებზე“ - ჯანდაცვის ექსპერტი

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203