წამყვანობისა და მენტორობის მსურველთათვის პროფესიულ უნარებში გამოცდა წელს პირველად ჩატარდება. კარიერული წინსვლის მსურველმა პედაგოგებმა ჯერ საგამოცდო ვრცელი ლიტერატურა გააპროტესტეს, შემდეგ კი მომზადება დაიწყეს, რადგან სხვა გამოსავალი არაა, წამყვანისა და მენტორის სტატუსის მოსაპოვებელ გამოცდას ისედაც დიდხანს ელოდნენ.
მასწავლებლებისთვის, გარდა პროფესიული უნარების გამოცდისა, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად პორტფოლიო რჩება. მათ პროფესიული საქაღალდე აქამდეც შეუფასდათ, მაშინ როდესაც სტატუსი აიმაღლეს.
შეუფასდებათ თუ არა მასწავლებლებს პროფესიულ საქაღალდეში ატვირთული ის აქტივობები, რომლითაც სტატუსი უკვე მოიპოვეს? უნდა ატვირთონ თუ არა პედაგოგებმა პორტფოლიოში ყველა ის დოკუმენტი, რომელიც წლების განმავლობაში დააგროვეს? ამ კითხვებით etaloni.ge მასწავლებლის სახლის ცხელ ხაზს დაუკავშირდა.
„პორტფოლიოს შეფასებისას უპირატესობა მიენიჭება ბოლო წლების აქტივობებს“, - განგვიცხადეს მასწავლებლის სახლში და განმარტეს, რომ პროფესიულ საქაღალდეში ყველა აქტივობის და სერტიფიკატის ატვირთვაა შესაძლებელი, თუმცა სტატუსის ამაღლებისთვის მასწავლებელს ის აქტივობები შეუფასდება, რომელიც წინა სტატუსის მიღების შემდეგ დააგროვა. აქედან გამომდინარე, მასწავლებლებმა პორტფოლიოში უფროსი ან წამყვანი სტატუსის მიღების შემდეგ დაგროვილი დოკუმენტები უნდა ატვირთონ.