საჯარო და კერძო ბაღებს და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებებს ავტორიზაციისთვის გარდამავალი პერიოდი განესაზღვრათ, კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილება პარლამენტმა უკვე დაამტკიცა, გარდამავალ პერიოდში ბაღებს ასევე მოუწევთ თვითშეფასების წარდგენა 2024 წლის 1 იანვრამდე.
რაც შეეხება თანხებს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღნიშნული ცვლილებების განსახორციელებლად უნდა დაიხარჯოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციის მიხედვით ზემოაღნიშნული პროექტის ღირებულება 2022 წლიდან 2030 წლამდე წარმოადგენს 5 957 450 ლარს.
კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების გადასაჭრელად ეტაპობრივად მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების გამოყოფა. კერძოდ, 2022 წელს საბავშვო ბაღებისთვის განხორციელდება საინფორმაციო სისტემის ბაზის შექმნა, სადაც დარეგისტრირდებიან ბაღები, ასევე მოხდება ავტორიზაციის სტანდარტების შემუშავება, რისთვისაც გასაწევი ხარჯი იქნება 75.000 ლარი.
2023 წელს მოხდება ელექტრონული თვითშეფასების პლატფორმის შექმნა და საქართველოში არსებული ყველა სკოლამდელი დაწესებულება გაივლის თვითშეფასების პროცესს ავტორიზაციის ახალი სტანდარტების მიხედვით, რისთვისაც ბიუჯეტიდან გასაწევი სავარაუდო ხარჯი იქნება 850.000 ლარი.
„2024 წელს განხორციელდება თვითშეფასებიდან მიღებული საჭიროების ანალიზი და ბაღების მხარდაჭერა მოხდება მათი საჭიროებების მიხედვით. შესაბამისად, რადგან ჯერ არ ვიცით, რომელ სუბიექტს რა ტიპის საჭიროება დაუდგება ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით, ვერ იქნება წინასწარ განსაზღვრული თუ რა ფინანსური საჭიროება იქნება კონკრეტულ წელს ამ მიმართულებით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საჭიროებების ანალიზსა და ბაღების მხარდაჭერასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ამასთან ნაწილი თანხის აკუმულირება/მოპოვება მოხდება ამ სფეროში მომუშავე დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით”, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ამავე ცვლილების თანხმად, 2025-2030 წლებში განხორციელდება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ეტაპობრივი ავტორიზაცია. წლების მიხედვით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებს რიგითობით მოუწევთ ავტორიზაცია მათი მზაობის მიხედვით. სავარაუდოდ წლის განმავლობაში 200 ბაღი გაივლის ავტორიზაციას. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ავტორიზაციის კალკულაცია არ არის წარმოდგენილი, შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, საშუალოდ ერთი დაწესებულების ავტორიზაციისთვის საჭირო თანხა შესაძლოა განისაზღვროს 9.000 ლარით, ანუ წლის განმავლობაში 1. 800.000 ლარით, რომელიც 2025 წლიდან იქნება გასაწევი.