სტუდენტთა მობილობისა და სტატუსის შეჩერების წესი შესაძლოა შეიცვალოს - კანონპროექტს პარლამენტი განიხილავს
21-02-2022

სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების მობილობისა და სტატუსის შეჩერების საკითხები შესაძლოა განსხვავებულად დარეგულირდეს.

ცვლილება კანონპროექტის სახით პარლამენტს წარედგინა და მას ჯერ კომიტეტებზე განიხილავენ.

„თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტების, აღნიშნული პროცესის უწყვეტობისა და მდგრადობის მნიშვნელობიდან, ასევე საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად ხარჯვის აუცილებლობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის სტუდენტებისათვის მოქმედი კანონმდებლობისგან განსხვავებული უფლებების დადგენა, მობილობასა და სტუდენტის სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებით“, - ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის თანახმად, სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს სტატუსის შეჩერების უფლება ექნება, უცხო ქვეყანაში, თავდაცვის სამინისტროს სისტემის მიერ წარგზავნის შემთხვევაში სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისას; აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე, იმ შემთხვევაში თუ სტუდენტის სტატუსის შეჩერების აუცილებლობა ინიცირებული იქნება იმ ადმინისტრაციული ორგანოსაგან, რომელშიც სწავლის პერიოდში დასაქმებულია სტუდენტი; ასევე სტატუსის შეჩერების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემა ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლისა ან/და სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე სტუდენტს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში - სამხედრო სამსახურისათვის შეუსაბამობის დადგენის საფუძველზე.

რაც შეეხება მობილობას, სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს მობილობით სარგებლობის უფლება ექნება ასევე, საგამონაკლისო შემთხვევაში - ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, როდესაც იგი ვეღარ შეძლებს დააკმაყოფილოს სამხედრო მოსამსახურისათვის დადგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნები. გარდა ამისა, სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, პირს რომელიც სწავლობს უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, ადმინისტრაციული ორგანოდან გათავისუფლების შემთხვევაში, მიზანშეწონილია შეუწყდეს სტუდენტის სტატუსი შემდგომი მობილობის გამოცხადების შემდეგ, ვინაიდან პროგრამის მიზნობრიობა კარგავს არსებით მნიშვნელობას და სახელმწიფოს მიერ გაღებული ფინანსური და მატერიალური რესურსი ვერ იქნება შედეგის მომტანი იმ სახელმწიფო დაწესებულებებისათვის, რომელმაც წარადგინა პირი აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლებლად.

ამასთან, აღნიშნული ნორმების მოქმედება გავრცელდება მათი ამოქმედების შემდგომ სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტებზე.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ ცვლილების მომზადებისას ინიციატორები სხვადასხვა ქვეყნის მათ შორის თურქეთის, ლიეტუის, საფრანგეთისა და ჩეხეთის გამოცდლებას ეყრდნობოდნენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203