„სკოლაში ღირსეული მასწავლებლები ბრუნდებიან“ - ნონა დავითაძე, აქუცის საჯარო სკოლის დირექტორი
სასკოლო ცხოვრება მუდმივი სიახლეების ფონზე ვითარდება. ახალი გადაწყვეტილებები და ცვლილებები ყოველდღიურობად იქცა. შესაბამისად სკოლების დირექტორები მუდმივად გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არიან ჩართული.
Etaloni.ge ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აქუცის საჯარო სკოლის დირექტორს, ნონა დავითაძეს მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე ესაუბრა.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ?
- ჩემი აზრით, დღევანდელი თაობა იმდენად აქტიური, გათვითცნობიერებული და ტექნოლოგიების მცოდნეა, რომ უკვე მიმზიდველი და პრიორიტეტულია პედაგოგობა მათთვის, თან აცნობიერებენ, რომ პედაგოგი ნახევრად მსახიობი და ხელოვანი უნდა იყოს, რაც ამ თაობის საქმეა.
- თქვენი აზრით რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი?
- ჩემი გადასახედიდან არ არის კადრების დეფიციტი, პირიქით, ღირსეულები ბრუნდებიან სკოლებში.
- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება?
- გამოცდა ერთგვარი განტვირთვის ხერხია, ადგილი ეთმობათ კვალიფიციურ მასწავლებლებს. მივესალმები გამოცდას.
- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ?
- ჩემს პრაქტიკაში დისტანციური სწავლება, ამ ვითარებაში არის გამოსავალი, ვინც მომართულია სწავლისთვის, სწავლობს დისტანციურად (ოღონდ სჭირდება გაკვეთილის დროის გარდა კიდევ დამატებითი დრო). მაღალ კლასებში ხარისხიც აქვთ, მაგრამ დაწყებითი კლასების მოსწავლეს მუდმივად სჭირდება მინიშნებები და ცოდნის გამყარება, რაც არ ხერხდება დაწყებითებში დისტანციური სწავლების დროს.
- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ?
- ის, რომ დრო სწორად და ეფექტურად უნდა გავანაწილოთ და გამოვიყენოთ. რეგულაციების დაცვა აუცილებელია, აცრა საჭიროა ჩვენთვის და ირგვლივ მყოფებისთვის. მზაობა უნდა გავზარდოთ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.