„ვმუშაობთ, აღმზრდელებს დავუბრუნოთ მასწავლებლის სტატუსი“
23-02-2022

ჩვენ ვიწყებთ განათლების რეფორმირების ახალ ეტაპს ბაღებსა და სკოლამდელი ასაკის დაწესებულებებში, - ამის შესახებ განათლების კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა განაცხადა და ვრცლად ისაუბრა ბაღების ავტორიზაციაზე, რომელიც მართალია 2030 წლამდე გადავადდა, თუმცა მოსამზადებელი ეტაპები უკვე იწყება.

მისი ინფორმაციით, ივლისისთვის შეიქმნება საინფორმაციო სისტემა, რომელშიც აღირიცხება ყველა საჯარო და კერძო ბაღი: „საქმე ის გახლავთ, რომ დღეისთვის საქართველოში 1647 საჯარო ბაღია, მაგრამ რამდენია კერძო, ზუსტი ციფრი უცნობია, რადგან აქამდე ისინი გათავისუფლებულები იყვნენ ავტორიზაციისა და სხვა ვალდებულებებისგან“, - აღნიშნა ტალიაშვილმა და დასძინა, რომ ამ ფაქტორის გათვალისწინებით, სახელმწიფო ვერ აკონტროლებდა, თუ რა ხარისხის განათლებას იღებდნენ სკოლამდელები; ამიტომ წლის ბოლომდე ყველა საჯარო და კერძო ბაღი, რომლესაც აქვს პრეტენზია, ერქვას სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, უნდა დარეგისტრირდეს საინფორმაციო სისტემაში.

როგორც ტალიაშვილმა განმარტა, რეგისტრაცია იქნება ნებაყოფლობითი, თუმცა „ვისაც აქვს ამბიცია, ოპერირებდეს, რეგისტრაციის გარეშე სერვისების მიწოდებას ვერ შეძლებს“.

მოგვიანებით, 2023 წლის განმავლობაში, რეგისტრირებულმა ბაღებმა თვითშეფასება უნდა მოახდინონ და შემდეგ,  2024 წლის ოქტომბრისთვის სამინისტრო, ხარისხის მართვის ეროვნული ცენტრი, გაწერს კონკრეტულ ინდივიდუალურ გრაფიკს ყველა ბაღისთვის, რათა გაიარონ ავტორიზაციის ეტაპები.

„ესაა მინიმალური სტანდარტი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ყველა დაწესებულება, თუმცა არ შეიძლება ერთნაირი მიდგომა გვქონდეს მრავალრიცხოვან და მცირეკონტინგენტიან ბაღებში.

ჩვენი მიზანი არანაირად არ არის, დაიკეტოს კერძო საბავშვო ბაღი, პირიქით, ვმუშაობთ, აღმზრდელებს დავუბრუნოთ მასწავლებლის სტატუსი“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

იხილეთ ასევე:

ბაღებისთვის 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება - ბიუჯეტი

„რეფორმა იწყება სკოლებთან მიმართებაში და ეხება ბაღებსაც“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203